19 Φεβρουαρίου, 2019

როდის იწყება აღდგომის მარხვა 2019 წელს

Διαδώστε:

საქართველოში 2019 წელს დიდმარხვა 11 მარტს იწყება.

დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება.

მარხვა ადრექრისტიანულ ეპოქაში შემოიღეს. თავიდან მორწმუნეები 24-დან 40 საათამდე შიმშილობდნენ, უკვე მეხუთე საუკუნეში კი ეს პერიოდი 40-დღიანი გახდა და ქრისტიანებს გარკვეული საკვების მიღება აეკრძალათ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის მარხვა და, განსაკუთრებით, დიდმარხვა მნიშვნელოვანი პერიოდია.

დიდმარხვის დროს მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. მარხვის პირველ და ბოლო კვირას მორწმუნეები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის კურთხევის მიხედვით ინახავენ მძიმე მარხვას.

მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ აღევლინება. სრულდება მხოლოდ საეკლესიო წესის მიერ დადგენილი სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთხება ხორბალი.

2019 წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს აღნიშნავს, შესაბამისად, დიდმარხვაც მისი დადგომისთანავე დასრულდება.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

(სპუტნიკი-საქართველო)

Διαδώστε: