სადოქტორო ნაშრომის დაცვა
2024 წლის 8 ივლისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ღვთისმეტყველების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოგმატური ღვთისმეტყველების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა რატი სტურუამ თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა დისერტაცია თემაზე: წმინდა მარკოზ მონაზონის სწავლებათა ძველი ქართული თარგმანი (ფილოლოგიურ-თეოლოგიური ანალიზი). სადისერტაციო ნაშრომის დაცვა შედგა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დოქტორანტურის მიმართულებისა და სადისერტაციო საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე და, ამ თვალსაზრისით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია მეორის – უდიდეს ღვაწლზე. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის უდიდესი ძალისხმევისა და ავტორიტეტის გარეშე თბილისის სასულიერო აკადემიაში ვერც სადისერტაციო საბჭო შეიქმნებოდა და ვერც დოქტორანტურა დაფუძნდებოდა, – აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო – თეოლოგიის დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე. რეცენზენტები გახლდათ – ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი და თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი ცოტნე ჩხეიძე.
სადისერტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). სადისერტაციო კომისიის მდივანი გახლდათ თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).
სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, სტეფანე(კალაიჯიშვილი); ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე და სხვა სასულიერო პირები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე; წმინდა ანდრია პირველწოდებულს სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ სართანია, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო და სამეცნიერო საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ნაშრომის წარდგენამდე დოქტორანტმა რატი სტურუამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართ, რომლის უდიდესი ავტორიტეტითა და ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო და შეიქმნა დოქტორანტურა. მან მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს სასწავლებელში შექმნილი მზრუნველი და, ამასთანავე, უაღრესად აკადემიური სასწავლო გარემოსთვის. რატი სტურუამ ამომწურავად ისაუბრა დისერტაციაში განხილული ძირითადი საკითხების შესახებ.
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალურმა რეცენზენტებმა დადებითად შეაფასეს რატი სტურუას ნაშრომი, გამოთქვეს საგულისხმო, კვალიფიციური რჩევები და მოსაზრებები.
გაიმართა სამეცნიერო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. ყველამ ერთხმად დაადასტურა ნაშრომის მაღალაკადემიური დონე, მისი მნიშვნელობა როგორც საეკლესიო, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით.
სადისერტაციო კომისიამ უმაღლესი ქულით შეაფასა რატი სტურუას საკვალიფიკაციო ნაშრომი და მას ერთხმად მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.