საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 7 მარტს სმირნელი ეპისკოპოსის მღვდელმოწამე პოლიკარპეს, ასევე სირიელი მეუდაბნოეების: იოანეს, ანტიოქეს, ანტონინეს, მოსეს, ზევინის, პოლიქრონის, სხვა მოსეს და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის ხსენების დღეა
პოლიკარპე I საუკუნის მიწურულს დაიბადა. ის მცირე აზიის ქალაქ სმირნაში ცხოვრობდა. ადრე დაობლებული კეთილმსახურმა ქვრივმა, კალისტამ აღზარდა. დედობილის სიკვდილის შემდეგ პოლიკარპემ მთელი ქონება მოწყალებად გასცა და დავრდომილთა და სნეულთა მსახურება იტვირთა. ის ძლიერ შეიყვარა და დაიახლოვა სმირნის ეპისკოპოსმა ვუკოლმა. მან დიაკვნად აკურთხა პოლიკარპე და ტაძარში ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა.
ამ დროს წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიკარპე მეტად დაახლოებული იყო მასთან და თან ახლდა სამოციქულო მოგზაურობებში. მღვდელმთავარმა ვუკოლმა ხუცესად დაასხა ხელი წმიდანს, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე კი დაიბარა, სმირნის კათედრა პოლიკარპესთვის ჩაებარებინათ. პოლიკარპე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მას თბილად ეპყრობოდა და დიდ პატივს სცემდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი.
წმიდა პოლიკარპეს ეკუთვნის რამდენიმე ეპისტოლე სამწყსოსა თუ კერძო პირების მიმართ. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლემ ფილიპელთა მიმართ, რომელიც ღვთისმსახურების დროს იკითხებოდა მცირე აზიის ეკლესიებში.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი წმინდა მამების: იოანეს, ანტიოქეს, ანტონინეს, მოსეს, ზევინის, პოლიქრონის, მეორე მოსეს და დამიანეს ხსენების დღეა.
იოანე, რომელიც წმიდა ლიმნეის მოწაფე იყო. V საუკუნეში ცხოვრობდა, სირიაში. მან „მიუსაფარი ცხოვრების“ ღვაწლი იტვირთა. ღია ცის ქვეშ, მთის მწვერვალზე დაემკვიდრა და აქ 25 წელი დაჰყო. ღირსი მამა მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა და სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდა. მასთან სტუმრად მოსულმა ერთმა მოღვაწემ მთაზე ნუშის ხე დარგო, რომ პაპანაქების დროს ჩრდილში თავის შეფარება შესძლებოდა, მაგრამ წმიდანმა ბრძანა, ხე მოეჭრათ – სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა.
მოსე წმიდა იოანეს მიბაძვით მთის მწვერვალზე დაემკვიდრა, სოფელ რამის მახლობლად. ამგვარივე ღვაწლი იტვირთეს ანტიოქემ და ანტონინემ, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე მოღვაწეობდნენ და სულის სიმტკიცის მაგალითს იძლეოდნენ.
მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.