13 Απριλίου, 2019

სამების ტაძრის არქიმანდრიტი – საკურთხეველს ერთი ადამიანი ხატავს და ერთი ეხმარება, მთლიანი ტაძრის მოხატვაში კი შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რომ ჩქარ ტემპში დასრულდეს

Διαδώστε:

მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ სამების ტაძარი მოიხატებოდა,- ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძრის სრულად მოხატვას დააფინანსებს.

„მის უწმინდესობასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატებოდა. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა. დანარჩენი დეტალები მხოლოდ დამკვეთი ჯგუფისა და მხატვრის ურთიერთობაში გაირკვევა. ამ დეტალებსა და ფინანსურ საკითხებს ტაძართან არავითარი შეხება არ აქვს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, საკურთხევლის მოხატვაზე ერთი ადამიანი მუშაობს, ხოლო მთელი ტაძრის მოხატვის პროცესში შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფი ჩაერთოს.

„ჯერჯერობით სამების საკათედრო ტაძრის მხოლოდ საკურთხეველია მოხატული, ისიც არ არის ბოლომდე დასრულებული. საკურთხეველის მოხატვა დაახლოებით 2017 წლის თებერვალში დაიწყო, მოხატული კი დაახლოებით 1000 კვადრატზე მეტია. რამდენიმე თვეში დასრულდება, შემდგომ გეგმაში უკვე გუმბათის მოხატვა იყო, მაგრამ გადაწყდა, რომ მთელი ტაძარი მოიხატება. საკურთხეველს ამირან გოგლიძე ხატავს და მას მხოლოდ ერთი ადამიანი ეხმარება. არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება მთელი ტაძრის მოხატვას. აქ შეიძლება, უკვე სხვადასხვა ჯგუფი ჩაერთოს, რათა უფრო ჩქარი ტემპით იქნას მოხატული”, – აღნიშნა არქიმანდრიტმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

IPN

Διαδώστε: