27 Σεπτεμβρίου, 2024

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების კლუბების პრეზენტაცია გაიმართა

Διαδώστε:

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ღირებულებითი განათლების კლუბების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ იმ სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, რომლებიც შეირჩა ღირებულებითი განათლების კლუბის პროგრამის საპილოტე სკოლებად.

აღნიშნული ინიციატივა წარმოიშვა მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, მოზარდთა შორის წიგნიერებისა და ღირებულებათა დეფიციტის გამო, რამაც განაპირობა პიროვნული, მორალური და ზნეობრივი საკითხებისადმი ბუნდოვანება და გაურკვევლობა.

ინიციატივის ფარგლებში, პროცესი კომპლექსურია და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:

სამოქმედო გეგმის შედგენა;

ღირებულებითი განათლების კურიკულუმის შექმნა;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების შეთავაზება (წარმოდგენები, დისკუსია-დებატები, კონკურსები, სემინარები);

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის ღონისძიებების დაგეგმვა და შეთავაზება (წარმოდგენები, სემინარები, ღირებულებითი განათლების მიმართულებით რესურსების გაზიარება).

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც აღნიშნული პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სამომავლო სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმართული იქნება ღირებულებითი განათლების კლუბების ეფექტური და ეფექტიანი მუშაობისაკენ.

აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. სწორედ, ამის ფარგლებში შეირჩა პროგრამის მონაწილე 20 საპილოტე სკოლა.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

Διαδώστε: