15 Απριλίου, 2020

საპატრიარქო: “გადავწყვიტეთ, მრევლი მივიდეს ტაძარში 21:00 საათამდე და ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე”

Διαδώστε:

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

ამასთან, როგორც სასულიერო პირი ამბობს, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში.

„ყოველდღე იცვლება გარემოებები. მთავარი საკითხი რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით, მოლოდინი ეხებოდა აღდგომის ღამის მსახურებას. ბევრი კონსულტაცია გახდა ამისთვის საჭირო. ბევრი პოზიციების დახვეწა და შეჯერება. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს მრევლისთვის ეკლესიების დახურვა და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშნვა ტრადიციულად. გათვალისწინებული იქნება ის მითითება, რაც სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში,” – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ხვალ საპატრიარქო დიდ ტაძრებს პირბადეებს მიაწვდის. ამასთანავე, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ყველასთვის საკმარისი პირბადეების რაოდენობა არ აქვს, ამიტომ ტაძრების ნაწილი ამაზე თავადვე ზრუნავს.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა, რომ თითოეული ტაძარი მითითებების მიხედვით იმოქმედებს.

„ჩვენ დიდ ტაძრებს ნიღბებს მივაწვდით, ხვალ დაიწყება ნიღბების დარიგება, საპატრიარქო გაუგზავნის მათ, თუმცა იმდენი არ გვაქვს, რომ ყველას ეყოს და ვიცით, რომ ბევრი ტაძარი ზრუნავს ამაზე თვითონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

dogma.ge

Διαδώστε: