საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 4 იანვარს დიდმოწამე ანასტასიას, მოწამეთა: ქრისოგონის, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს
დიდმოწამე ანასტასია, წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი
დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი – ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს – ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში.
ამ დროს რომის ციხეები ქრისტიანებით იყო სავსე. იმპერატორმა დიოკლეტიანემ განკარგულება გასცა, ერთ ღამეში მოეწყვიტათ ყველა მათგანი, ქრისოგონი კი – მასთან გაეგზავნათ, აკვილეაში. წმიდა ანასტასია შორიახლო მიჰყვებოდა თავის აღმზრდელსა და მასწავლებელს.
ანასტასია კეთილმსახურ ახალგაზრდა ქვრივს, თეოდოტიას გაეცნო და მისი სახით ერთგული თანამდგომი ჰპოვა. მალე წარმართებმა ორივეს დევნა დაუწყეს. უღმრთოებმა წმიდა ანასტასია ილირიაში შეიპყრეს. მას შემდეგ, რაც დიოკლეტიანეს ბრძანებით ყველა ტყვე ქრისტიანი ერთ ღამეში ამოხოცეს, ნეტარი დედა ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა და, შიგ რომ ვერავინ ნახა, ხმამაღლა ატირდა. ციხის მცველები მიხვდნენ, რომ იგი ქრისტიანი იყო, დააკავეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. მან კი ქურუმ ულპიანეს გადასცა იგი. მზაკვარმა ქურუმმა ერთ მხარეს ოქრო, ძვირფასი თვლები და სამოსელი დააწყო, მეორე მხარეს კი – წამების საშინელი იარაღები. ქრისტეს სასძლომ წამების იარაღები აირჩია. ანასტასიას მშვენიერებით მოხიბლულმა ქურუმმა გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე, მაგრამ როგორც კი ნეტარისთვის ხელის შეხება დააპირა, დაბრმავდა. ტკივილისაგან გონდაკარგული ეშმაკის მსახური წარმართული ტაძრისკენ გაიქცა, რომ კერპებისგან გამოეთხოვა შეწევნა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმიდა ანასტასია განთავისუფლდა და თეოდოტიასთან ერთად კვლავ ტანჯულ ქრისტიანთა მსახურებას მიეცა. მალე წმიდა თეოდოტია და მისი სამი ძე (ცნობილია მხოლოდ ერთი მათგანის სახელი – ევოდი) მოწამეობრივად აღესრულნენ. წმიდა ანასტასია ხელმეორედ შეიპყრეს და შიმშილით სიკვდილი გადაუწყვიტეს. მან სამოცი დღე უჭმელ-უსმელად დაჰყო სატუსაღოში. მოწამეს ყოველ ღამე წმიდა თეოდოტია ეცხადებოდა და განამტკიცებდა. როცა მსაჯულმა იხილა, რომ შიმშილმა ანასტასიას ვერაფერი დააკლო, ბრძანა, იგი სიკვდილმისჯილ დამნაშავეებთან ერთად ზღვაში დაეხრჩოთ. მათ შორის იყო ქრისტესთვის დევნილი ევტიქიანეც.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.