უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას „ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად
თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი
გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო
ჰეროდემ თავის დაბადების დღეს დიდებულებს, უხუცესებსა და ათასისთავებს ვახშამი განუმზადა. ჰეროდიადას ასული სალომეა როკვიდა სტუმრების წინაშე, რითაც ჰეროდეს დიდად ასიამოვნა. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ უბოძებდა ყველაფერს, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. ბილწმა მოცეკვავემ თავისი ბოროტი დედის, ჰეროდიადას შეგონებით, ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. ჰეროდე დამწუხრდა – ეშინოდა ღვთის რისხვისა იმ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის, რომელსაც ადრე თავადვე უსმენდა. ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც უყვარდა წინამორბედი უფლისა; მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, წმიდანისთვის თავი მოეკვეთათ და სალომეასთვის მოერთმიათ.
სალომეამ ლანგარი თავის დედასთან მიიტანა. გახელებულმა ჰეროდიადამ ნემსით დაჩხვლიტა წინასწარმეტყველის ენა და წმიდა თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა სიწმიდე ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმიდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა იმავე ღამეს მიაბარეს მიწას სებასტიაში, იქ, სადაც ბოროტმოქმედება აღესრულა.
წმიდა იოანეს მკვლელობის შემდეგ ჰეროდე რამდენიმე ხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას. სახარებიდან ჩანს, რომ იუდეის მმართველმა, პონტოელმა პილატემ მასთან ბორკილდადებული იესო ქრისტე გაგზავნა, რომელიც შეურაცხყო ჰეროდემაც და მისმა ერმაც.
მასალა მომზადებულია ღია წყაროზე დაყრდნობით.