04 Μαρτίου, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

Διαδώστε:

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი სახარება, მათეს სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დიდებით მოვა მაცხოვარი და ხალხი გაიყოფა ორ ნაწილად, ნაწილი დადგება მარჯვნივ, ნაწილი მარცხნივ და მარჯვენა მხარეს მდგომთა ეტყვის უფალი: ,,მე ვიყავი მშიერი და თქვენ მაჭამეთ, მე მწყუროდა და თქვენ მასვით, მე ვიყავი საავადმყოფოში, ციხეში და თქვენ მომინახულეთ მე. მოვედით კურთხეულნო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი.“ და მარცხენა მხარეს მყოფთ ეტყვის: ,,მე ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთ, მწყუროდა და თქვენ არ მასვით.“ ეს მიგვითითებს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, რა უნდა აკეთოს ყოველმა ადამიანმა. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი თვითონ ირჩევს მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს.

სახარებაში წერია: ,,ჟამი ახლოს არს“ და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ინებოს ჩვენი ქვეყნის და ხალხის და მთელი მსოფლიოს მარჯვენით დგომა. მარჯვენა არის ღვთის სადიდებელი, ღვთის ნების ყოფა, ღვთის ნების ქმნა.

ღმერთმა დაგლოცოთ. დარჩა ერთი კვირა დიდ მარხვამდე და ღმერთმა ინებოს, რომ ეს მარხვა იყოს სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. სიხარული მოგანიჭოთ უფალმა.

დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: პატარქალიშვილებს, ჯამასპაშვილებს, ჯამასპიშვილებს, გაიბულაშვილებს, ხაჭაპურიძეებს, მერკვილიშვილებსა და მანდარიებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს თქვენთან და საქართველოში.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ მოძღვარს. მღვდელი იოსებ გელუკაშვილი. დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

დღეს არის ხორციელი კვირიაკე, დღეს ხორცი იჭმევა და ორშაბათიდან ყველიერი დგება ერთი კვირა, შემდეგ კი დაიწყება დიდი მარხვა. ბედნიერი მარხვა ინებოს უფალმა.

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დიდ მარხვაში ყოველ კვირა დღეს ეზიაროთ, მიიღოთ წმინდა ზიარება და ჩვენ ამით გავძლიერდებით.

ჩვენთან არს ღმერთი!

Διαδώστε: