22 Μαΐου, 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს შეხვდა

Διαδώστε:

ა.წ. 21 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, ბ-ნი სტანისლავ კარჩევსკი, სენატის წევრები და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები და მსოფლიო დგას.

ბ-ნმა სტანისლავ კარჩევსკიმ ისაუბრა ქვეყანაში ქრისტიანობის გავლენაზე და აქედან გამომდინარე, ოჯახის როლზე. აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოლონეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ და რომ პოლონეთიც მხარს უჭერს ტრადიციულ და მტკიცე ოჯახს. მანვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო პოლონეთში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს შობადობის ზრდას.

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა და დასძინა, რომ 26 მაისს პოლონეთში აღინიშნება დედის დღე. ,,ჩვენთვის, ისევე როგორც ქართველებისთვის, დედა განსაკუთრებით პატივსაცემი და ძვირფასია. იგი გვახსენებს დედა ღვთისმშობელს.”

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაეთანხმა სტუმარს, რომ თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტრადიციული ოჯახის მხარდაჭერას და ქრისტიანული ღირებულებების გაძლიერებას.

კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

patriarchate.ge

Διαδώστε: