30 Νοεμβρίου, 2018

უილიამ შექსპირისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო

Διαδώστε:

26 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრისა და დეკანატის თანადგომით ჩატარდა უილიამ შექსპირისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები. საღამოს ორგანიზატორი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ნუცუბიძე. ქალბატონმა თამარმა ისაუბრა უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესის შესახებ. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს ნაწყვეტები შექსპირის ტრაგედიებიდან, ასევე სონეტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. აუდიტორიამ იხილა ვიდეო-ჩანაწერები სპექტაკლებიდან ,,მეფე ლირი” და “ოტელო” ვახტანგ ჭაბუკიანის შესრულებით. ასევე გაიჟღერა უშანგი ჩხეიძის ცნობილმა მონოლოგმა ,,ჰამლეტიდან”. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სასწავლებლის პედაგოგი, დეკანოზი ვლადიმერი (ვახტანგაძე), რომელმაც ყურადღება გაამახვილა შექსპირის პიესების მიხედვით დადგმულ ქართულ სპექტაკლებზე. ასევე, მან დამსწრე საზოგადოებას შექსპირის პიესებიდან ამონარიდები წაუკითხა. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა სასწავლებლის მოძღვარმა, დეკანოზმა შალვამ (კეკელია), რომელმაც აღნიშნა, რომ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში საღვთისმეტყველო საგნების შესწავლასთან ერთად მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გაცნობა, რაც სტუდენტის ზოგად განათლებას ამდიდრებს და ლიტერატურულ გემოვნებას ხვეწს. დამსწრე საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა სტუდენტთა მიერ ჩატარებულ ღონისძიებას.

Διαδώστε: