31/10/2024 31/10/2024 2024 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესის გახსნა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. ძვირფასო ვალენტინა ივანეს ასულო! ძვირფასო სერგეი ვიქტორის ძევ! ძვირფასო თანამემამულენო! ძმებო და დებო! გულითადად მივესალმები რუს თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესის მონაწილეებსა და სტუმრებს, რომლებიც...
31 Οκτωβρίου, 2024 - 15:54

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

Διαδώστε:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

2024 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესის გახსნა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

ძვირფასო ვალენტინა ივანეს ასულო! ძვირფასო სერგეი ვიქტორის ძევ! ძვირფასო თანამემამულენო! ძმებო და დებო!

გულითადად მივესალმები რუს თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესის მონაწილეებსა და სტუმრებს, რომლებიც დღეს აქ შეიკრიბნენ ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში, ასევე მათ, ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობს დისტანციური კავშირით. უკვე მრავალი წელია, ჩვენი ფორუმი კრებს ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან რუსეთის, მისი კულტურისა და სულიერი ტრადიციებისადმი გულწრფელი სიყვარულით. თქვენ აქ იკრიბებით, რათა ერთმანეთს გაუზიაროთ თქვენი გაგება იმ ვითარების შესახებ, რომელშიც იმყოფებიან საზღვარგარეთის რუსულ დიასპორებში ჩვენი თანამემამულენი თავიანთი სიხარულით, მწუხარებით და პრობლემებით. ასეთი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს პირადი კავშირების განმტკიცებას, რაც შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი თანამემამულეების მხარდასაჭერად ჩვენს ძალისხმევაში.

მჯერა, რომ ჩვენ ყველას საერთო მისია გვაკისრია – მომავალ თაობებს გადავცეთ ის დიდი მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გვერგო. რა თქმა უნდა, ცენტრალურ როლს ასრულებს ჩვენი ხალხის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა, ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო, რაც წინაპრებისგან მიგვიღია. ამჟამად ჩვენ ძალიან რთულ ისტორიულ პერიოდებს გავდივართ და ამას ყველა გრძნობს, ყველას ესმის. როდესაც ამაზე ვსაუბრობ და ვიყენებ სიტყვას „ჩვენ“, გარკვეული გაგებით, სიტყვა „ჩვენ“ ნიშნავს მთელს დედამიწას, მთელს კაცობრიობას, იმიტომ, რომ ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში ადამიანები ნამდვილად აწყდებიან ისეთ გამოწვევებს, რომლებსაც წინა თაობები ვერც კი წარმოიდგენდნენ. რთული ვითარება კი ჩვენგან მოითხოვს განსაკუთრებული პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ჩვენი სამშობლოს ბედზე.

თანამემამულეთა VII მსოფლიო კონგრესიდან გასული სამი წლის განმავლობაში ბევრი საბედისწერო ცვლილება მოხდა. ისტორიული რუსეთის ქვეყნები დღეს მძიმე განსაცდელებს გადიან, რადგან გარე ძალები სხვადასხვა გზით ცდილობენ გახლიჩონ ისტორიულად ერთი ხალხი, გააუქმონ რუსული კულტურა, მოწყვიტონ ადამიანები მართლმადიდებლურ ფესვებს, გაანადგურონ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, და ე.ი. წაგვართვან ჩვენი საერთო მომავალი.

რთულ დროში განსაკუთრებით იგრძნობა რწმენისა და ზეგარდამო დახმარების მოთხოვნილება. საკმარისია გავიხსენოთ დიდი სამამულო ომის პერიოდი – უღმერთო ხუთწლედების ქვეყანა, დაკეტილი ტაძრები, განადგურებული სიწმინდეები; ისე ჩანდა, თითქოს „რელიგიური ცრურწმენები“ სამუდამოდ დასრულდა. მაგრამ რა მოხდა? ქვეყნის ლიდერი მიმართავს ხალხს და სხვა სიტყვებს ვერ პოულობს, და წარმოთქვამს საეკლესიო მისალმებას: „ძვირფასო ძმებო და დებო!“. არა „ძვირფასო ამხანაგებო“, არამედ – ძვირფასო ძმებო და დებო! ეს იყო სწორი სიტყვები, რადგან ნათქვამი იყო არა იდეოლოგიიდან, არა პოლიტიკური მომენტის მოთხოვნებიდან, არამედ ჩვენი საერთო ისტორიის სიღრმიდან. და ამ სიტყვებმა მართლაც მიაღწია მათ გულებს, ვინც სტალინის გამოსვლას უსმენდა.

დღეს ბევრი კეთდება იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა ხალხმა შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირები კულტურულ და სულიერ სამშობლოსთან. და ჩემთვის, როგორც პატრიარქისთვის, განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის თქმა, რომ საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორების დამწყემსვა დღეს ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე. ჩვენი სამრევლოები გახსნილია მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში, სადაც თითქმის 2000 მღვდელი მსახურობს. რუსოფობიური პროპაგანდის მიუხედავად, უცხოეთის ტაძრები სავსეა მორწმუნეებით, რომლებიც სულიერ საყრდენს ეძებენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. თანამედროვე რეალობაში ჩვენი უცხოური სამრევლოები წარმოადგენს უნიკალურ და ზოგჯერ ერთადერთ პლატფორმას კომუნიკაციის, ურთიერთთანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის – როგორც რუსულენოვანი თანამემამულეების, ისე მეგობრულად განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის; ყველასთვის, ვინც საკუთარ ვინაობას მართლმადიდებლურ რუსულ ტრადიციებთან აკავშირებს.

მართლმადიდებლური რწმენა ყოველთვის იყო ჩვენი ხალხის სულიერი სიმაგრე. ეს არის როგორც ცალკეული ადამიანის გადარჩენის გზა, ასევე რეალური ძალა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და რთული ვითარებისას ეხმარება მათ ერთმანეთის მხარდაჭერაში. გარდა ამისა, რწმენა ინარჩუნებს ისტორიულ კავშირს, თაობათა უწყვეტობას. ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ აღინიშნოს ოჯახის მნიშვნელობა, რომელიც, როგორც უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტი, საკვანძო როლს ასრულებს ბავშვების აღზრდაში, მსოფლმხედველობისა და ფასეულობათა პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში და, რა თქმა უნდა, რწმენისადმი დამოკიდებულების საქმეში. ჩვენს დროში გავრცელებულია ძალიან მავნე და დამღუპველი მცდარი წარმოდგენა, რომ ბავშვებს არ სჭირდებათ ღმერთზე საუბარი, არ უნდა ასწავლო მცნებები, ლოცვები, არ უნდა წაუკითხო სახარება, არ უნდა ატარო ტაძარში ღვთისმსახურებაზე და ა.შ. ამბობენ, გაიზრდებიან და თვითონ გაერკვევიანო. ამას ხშირად ამბობენ ბავშვებზე ზრუნვის საბაბით, ერთგვარი მზაკვრობით, თითქოსდა „თავისუფალი არჩევანის პატივისცემით“, რითაც ფაქტობრივად ნიღბავენ რწმენისა და სულიერი ცხოვრებისადმი საკუთარ გულგრილობას, თვით ცხოვრებისეული რეალიებისადმი ინტერესის არქონას.

თუმცა, აშკარაა, რომ ადამიანი ცხოვრობს და ყალიბდება კულტურულ გარემოში. და თუ მას ბავშვობაში არ მოუსმენია ცოცხალი ადამიანის მეტყველება, მაშინ ასეთი არსება ვერცერთ ენაზე ვერ დაილაპარაკებს – ეს იქნება მაუგლი. ბავშვები ვერ გაიგებენ იმას, რასაც არ ზიარებულან. არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ ისინი იცხოვრებენ ღმერთის გარეშე, რომ მათი ცხოვრებისეული ღირებულებები და მიმართულებები დაკავშირებული იქნება არა ქრისტიანობასთან და მაღალ ზნეობრივ იდეალებთან, არამედ პრაგმატულ მისწრაფებებთან, სარგებლის ძიებასთან, კომფორტთან და მატერიალურ ინტერესებთან. დამეთანხმებით, რომ ასეთი ღირებულებები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ჩვენი ხალხის ეროვნულ, სულიერ-კულტურულ კოდს, არამედ, ასევე, ადამიანს ურთულებს ცხონების გზას და, მე ვიტყოდი, ძალიან გაუჭირდება მას, შეიგრძნოს თავი დიდი საერთო მემკვიდრეობის და ყოველივე იმის თანამონაწილედ, რითაც მისი სამშობლო ცხოვრობს.

ბავშვებს, ზოგჯერ, უფროსებზე არანაკლებ შეუძლიათ გაერკვენ რწმენაში, იფიქრონ მასზე, ჩასწვდნენ რწმენის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ამაში მე პირადად არაერთხელ დავრწმუნდი. სწორედ ბავშვებისგან და ახალგაზრდებისგან მომისმენია დიდი ინტერესით დასმული ძალიან ღრმა კითხვები ღმერთისა და რწმენის შესახებ. ჩვენი შვილების სარწმუნოებაში განსწავლით, მათთვის თაობათა სულიერი გამოცდილების გადაცემით, რუსეთის, მისი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების სიყვარულის ჩანერგვით, ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ხალხის ფასეულობათა ბალავერს და ვეხმარებით ჩვენს შვილებს, მოიპოვონ მტკიცე ზნეობრივი საყრდენი. ეს კი არის ჩვენი ხალხის მომავალში ჩადებული ინვესტიცია.

როდესაც ვსაუბრობ საზღვარგარეთის სამღვდელოებასთან და ჩვენი ეკლესიის იქაურ მრევლთან, ვცდილობ, შევახსენო, რომ მათ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ: უნდა წარმოადგინონ ეკლესია და ჩვენი ქვეყანა იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებმაც ხშირად ცოტა ან საერთოდ არაფერი იციან მართლმადიდებლობის შესახებ, ხოლო რუსეთზე წარმოდგენები რუსოფობიით მოწამლული მედიისგან უყალიბდებათ. აი, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სამრევლოები, თანამემამულეთა თემები არ გადაიქცეს ჩაკეტილ და თვითკმარ საზოგადოებებად, არამედ ყოველთვის ღია იყოს ყველასთვის, ვისაც სურს შეხება ჩვენი სარწმუნოების სილამაზესთან, ჩვენი სამშობლოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასთან. მაგრამ ჩვენის მხრივ, ჩვენც გვჭირდება უკეთ ვიცოდეთ იმ ქვეყნების ისტორია, ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა და რელიგიური ტრადიციები, სადაც ჩვენი თანამემამულენი ცხოვრობენ. ასეთმა ურთიერთგაცნობამ შეიძლება სასარგებლო ნაყოფი გამოიღოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში. ამ თეზისს ადასტურებს ის ფაქტი, რომ დღეს ბევრი უცხოელი ცდილობს რუსეთში გადმოსვლას, სადაც თავშესაფარს ეძებს ლიბერალური საზოგადოებრივი მორალისგან. ეს იმას მოწმობს, რომ მომავალი ეკუთვნის მათ, ვისშიც ძლიერი რწმენა მკვიდრობს, რაც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს სულიერი მთლიანობა და უნარი იმისა, რომ უზრუნველყოს თაობათა ცოცხალი უწყვეტობა. მართლაც, ეს პროცესი შეიმჩნევა – ხალხი რუსეთში გადმოდის საცხოვრებლად, და როცა ასეთ ოჯახებს ელაპარაკები, ირკვევა, რომ ამის პირველი მიზეზი ბავშვების მომავლის შიშია. ყვებიან, თუ რას ასწავლიან სკოლებში, როგორ იდეებს უნერგავენ ბავშვებს – აბსოლუტურ საშინელებებს ადამიანური მორალის და, მით უფრო, მართლმადიდებლური რწმენის თვალსაზრისით. და ამიტომ, იმის შიშით, რომ ასეთი განათლება დაანგრევს ბავშვის სულიერ, კულტურულ და ეროვნულ კოდს, მშობლებს არა მხოლოდ გამოჰყავთ შვილები სკოლებიდან, არამედ ტოვებენ ასეთ ქვეყნებს და სამშობლოში ბრუნდებიან.

დარწმუნებული ვარ, ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენი საერთო ამოცანაა არა მხოლოდ გავუფრთხილდეთ სამშობლოს ხსოვნას, მის დიდ წარსულს, არამედ, ასევე, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მისი ხვალინდელი დღის შექმნაში. ჩვენი საერთო ძალისხმევა, ან, როგორც საეკლესიო ენით ვამბობთ, კრებსითი ძალისხმევა, არის ის, რის ჩანერგვასაც საბჭოთა პერიოდშიც კი ცდილობდნენ ადამიანებში და უწოდებდნენ მას კოლექტივიზაციას. ხოლო სიტყვა „კრებსითობა“, „კრება“ – უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ერთობას. არ შეიძლება შედგეს კრება, თუ ადამიანები ერთმანეთისთვის უცხონი არიან, ერთმანეთი სძულთ, განსხვავებული მიზნები აქვთ – ასეთ შემთხვევაში კრება იქცევა ადამიანური ვნებების შეჯახების ასპარეზად და კონფლიქტების ადგილად.

რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის არსებობს სხვადასხვა სახის კონფლიქტი. გარდა ოჯახური კონფლიქტებისა, რომლებიც იყო, არის და ალბათ საუკუნის დასასრულამდე იქნება, – რადგან ცოდვა არ შორდება ადამიანის სულს, – არსებობს კიდევ ისეთი კონფლიქტები, რომლებსაც წარმოიშობს პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობა, გარშემომყოფთა მოპყრობის სამართლიანობაში ეჭვის შეტანა და ბევრი სხვა გარემოება. ანუ კონფლიქტები – ეს რაღაც მუდმივია. მაგრამ მუდმივ კონფლიქტში ცხოვრება ხომ შეუძლებელია, კონფლიქტი ანგრევს ადამიანს. ამიტომ თუ კონფლიქტებს არ დავუპირისპირებთ იმის სურვილს, რომ დავძლიოთ ისინი ყველა შესაძლო გზით, ერთობის შექმნით, და მე ვიტყოდი, ჩვენი ხალხის კრებსითი ერთობით, მაშინ კონფლიქტები შეიძლება იქცეს ძალიან საშიშ და დამანგრეველ ძალად. ამიტომ, როდესაც ეკლესია მოუწოდებს სულიერი სიმშვიდისკენ, მშვიდობისკენ საკუთარ თავში, ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში, ამით ის არ წარმოთქვამს ლიტონ სიტყვებს – ეს მოწოდება გამოდის თვით ეკლესიის ბუნებისგან, როგორც ადამიანების გამაერთიანებელი ძალისგან.

დარწმუნებული ვარ, რომ გარეგანი გარემოებებიც კი ბევრწილად ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ, შესაძლოა, ეჭვობდნენ ქვეყნის სასიკეთოდ გამიზნული საერთო კრებსითი საქმიანობის აუცილებლობაში, დღეს სულ უფრო და უფრო აცნობიერებენ საკუთარ პირად პასუხისმგებლობას სამშობლოს ხვედრზე. ღმერთმა ინებოს, რომ პასუხისმგებლობის ეს გრძნობა დამახასიათებელი გახდეს ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. სამშობლოს ბედზე პასუხისმგებლობას კი ფიქრები და საქმეები უნდა მოჰყვეს. დღეს ქვეყანას სჭირდება ჩვენი ერთად ყოფნა ისე, როგორც ალბათ არასდროს ბოლო ათწლეულებში – იმისათვის, რომ რუსეთი დარჩეს ჭეშმარიტად სუვერენული, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ჭეშმარიტად თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავისი ცივილიზაციური განვითარების გზას. დაე იყოს ასე! გულითადად გესალმებით ყველას!

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων