05/12/2024 05/12/2024 3 დეკემბერს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში დოკუმენტური ფილმის, „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“, რუსული პრემიერა გაიმართა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას ეძღვნება. პრემიერას ესწრებოდა ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი და რეჟისორი ემირ კუსტურიცა. ღონისძიებას დაესწრო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური. ცერემონიას უძღვებოდა რუსეთის ფედერაციის...
05 Δεκεμβρίου, 2024 - 16:36

უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის – „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ – რუსულ პრემიერას დაესწრო

Διαδώστε:
უწმინდესი პატრიარქი კირილე დოკუმენტური ფილმის – „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“ – რუსულ პრემიერას დაესწრო

3 დეკემბერს მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საეკლესიო კრებების დარბაზში დოკუმენტური ფილმის, „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“, რუსული პრემიერა გაიმართა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას ეძღვნება. პრემიერას ესწრებოდა ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი და რეჟისორი ემირ კუსტურიცა.

ღონისძიებას დაესწრო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე, – იუწყება პატრიარქის პრეს-სამსახური.

ცერემონიას უძღვებოდა რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული პოეტი ვლადისლავ მალენკო.

მაყურებელს ფილმის შემქმნელები და გმირები მიესალმნენ. ღონისძიების დასაწყისში სერბმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა იოვანე მარკოვიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, ფილმზე მუშაობდა დიდი საერთაშორისო კოლექტივი, მათ შორის, უკრაინის მცხოვრებლები.

შემდეგ სიტყვა დაეთმო უკრაინელ ლიტერატორს, ფილმის გმირს, იან ტაკსიურს. მან ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაზე. თავად იან ილიას ძე 2022 წლის მარტში დაკავებული იყო სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით და თორმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. იგი გაათავისუფლეს სამხედრო ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, რის შემდეგაც რუსეთში გაემგზავრა. მწერლის გათავისუფლებაში აქტიური წვლილი შეიტანა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

იან ტაკსიურის თქმით, ახლა უკრაინაში მორწმუნეებს აიძულებენ, უარი თქვან მართლმადიდებლობაზე, ქრისტეზე; და ბევრი ადამიანი სწირავს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. „მე ვნახე ასობით, შესაძლოა, ათასობით ადამიანი, ვინც დღეს ამაზე მიდის უკრაინაში“, – განაცხადა მწერალმა.

სიტყვით გამოვიდნენ ასევე პროექტის პროდიუსერები – კიეველი მაქსიმე კორსაკი და ყირიმელი ევგენი გოლიკი.

ფილმის ორგანიზატორებისა და პროდიუსერების ჯგუფის სახელით ისაუბრა პროექტის საერთაშორისო პროდიუსერების ჯგუფის ხელმძღვანელმა, მირკო რადენოვიჩმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.ვ. პუტინის მისასალმებელი სიტყვა გააჟღერა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ა.რ. ბელოუსოვმა. „ჩვენი სერბი მეგობრების მიერ შექმნილი ეს ფილმი წარმოადგენს დოკუმენტურ მტკიცებულებას უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მილიონობით ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლებების მასიურ დარღვევასთან, ისტორიული მეხსიერების ნამდვილ წაბილწვასთან, მართლმადიდებელი ეკლესიის დევნასთან კიევის რეჟიმის მხრიდან“, – ნათქვამია მისალმებაში.

შემდეგ გამოვიდა ფილმის ერთ-ერთი გმირი რუსლან კალინჩუკი. მან გაახმოვანა პროექტის შემქმნელთა საერთაშორისო კოლექტივის მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის მიმართ.

„ფილმში გაცხადებულია უკრაინაში დღეს მიმდინარე კონფლიქტის არსი, უკრაინის ხელისუფლების ბრძოლები ქვეყნის მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ, ტრაგედიები, დაპირისპირებები, რომლებიც დღეს მთელ კაცობრიობას მორევში ითრევს, – ნათქვამია მიმართვაში. – საუბარია კოგნიტურ ომზე ყველა ხალხის და თითოეული ადამიანის სულიერ, კულტურულ, მენტალურ ცხოვრებაში. ამ დოკუმენტური პროექტის უნიკალურობა ის არის, რომ ფილმის შემქმნელები გახდნენ მისივე გმირები, სხვადასხვა ქვეყნის – იტალიის, სერბეთის, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ფილმის, „ქრისტეს ხალხი. ჩვენი დრო“, მსოფლიო პრემიერა შედგა სერბეთში, ბელგრადში, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად მისი ჩვენება წარმატებით მიმდინარეობს ბალკანეთის ქვეყნების ტელეარხებზე. ჩვენებები მზადდება რუსეთში და დსთ-ს ქვეყნებში, ასევე, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში“.

პროექტის ინიციატორებმა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს თხოვნით მიმართეს, მხარი დაუჭიროს კულტურის, მეცნიერებისა და სასულიერო მოღვაწეთა ინიციატივას საერთაშორისო გაერთიანების შექმნის შესახებ, ასევე, მიიტანოს „სიმართლე გაეროს წევრი სახელმწიფოების მსოფლიო ლიდერებამდე და, უპირველესად, ბრიკს-ში შემავალი ქვეყნების ლიდერებამდე, – რომელსაც მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაცია თავმჯდომარეობს, – იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ხელისუფლება თავის ქვეყანაში ანადგურებს კანონიკურ ეკლესიას“.

შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

„ახლა კვლავ ძალით ცდილობენ გახლიჩონ რუსეთის ერთიანი სხეული, წაგვართვან მეხსიერება, თავს მოგვახვიონ აზროვნების ახალი სტერეოტიპები, გვიმტკიცებენ „თქვენ ერთი ხალხი არ ხართ, თქვენ სხვადასხვა ხალხი ხართ და დაანებეთ თავი, გეთაყვა, იმაზე ლაპარაკს, რომ ერთი ხალხი ხართ“. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ერთი წმინდა რუსეთის ერთი ხალხი ვართ. და სანამ ეს ასე იქნება, ჩვენ გვექნება სულიერი და ინტელექტუალური ძალა და, იმედი მაქვს, არა მხოლოდ სულიერი და ინტელექტუალური, არამედ ნებისმიერი სხვა ძალა, რომელსაც შეუძლია აღადგინოს წმინდა რუსეთის ნამდვილი ერთიანობა“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.

საზოგადოებაში ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის და დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ემირ კუსტურიცა ღირსი სერაფიმე საროველის ორდენით (I ხარისხი) დააჯილდოვა.

ამის შემდეგ მირკო რადენოვიჩმა უწმინდეს მეუფეს პროექტის შემქმნელთა საერთაშორისო შემადგენლობის მიმართვა გადასცა.

უწმინდესმა პატრიარქმა დამსწრე საზოგადოება დალოცა და ფილმის ნახვაზე ლოცვა-კურთხევა მისცა.

პრემიერას ესწრებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, რემეზიანის ეპისკოპოსი სტეფანე; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; ეკლესიის სხვა წარმომადგენლები; ასევე, სამთავრობო ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები; კულტურის მოღვაწეები.

***

ფილმის საერთაშორისო პრემიერა შედგა 2024 წლის 18 სექტემბერს ბელგრადში. მას სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე ხელმძღვანელობდა.

ფილმის რეჟისორი და სცენარისტია იოვანე მარკოვიჩი. სურათის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა; ცნობილმა კინორეჟისორმა და ფილმის პროდიუსერმა ემირ კუსტურიცამ; გენუიდან (იტალია) მართლმადიდებელმა მღვდელმა, ფილოსოფოსმა და პოეტმა მარიო სელვინმა; კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მასწავლებელმა ვუკან მარკოვიჩმა; დონბასის მკვიდრმა, მუსიკალურმა პროდიუსერმა იური ბარდაშმა. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებ ზეწოლაზე უკრაინის მორწმუნეების მიმართ ასევე ისაუბრეს ფილოსოფოსმა რუსლან კალინჩუკმა ივანო-ფრანკოვსკიდან და მღვდელმა ნიკოლოზ მოგილნიმ კიევიდან.

„ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ძალისხმევა გაიღო იმისათვის, რომ ეს ფილმი მსოფლიოს ენახა, ვინც წვლილი შეიტანა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ფილმის შექმნაში და ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი“, – განაცხადა სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ ფილმის ჩვენების დაწყების წინ.

ფილმში ნაჩვენებია უკრაინის ხელისუფლების მიერ გაჩაღებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის ქრონიკა, მათ შორის, ეკლესიების ძალისმიერი წართმევის და ბერების გამოსახლების ფაქტები კიევ-პეჩერის ღვთისმშობლის მიძინების ლავრიდან, მორწმუნეებისა და მღვდლების დარბევა, რომლებიც არ ეთანხმებიან ეკლესიის შევიწროებას. ფილმში ასევე საუბარია უკრაინის უმაღლესი რადას მიერ კანონის მიღებაზე, რომელიც გულისხმობს უკრაინაში კანონიკური ეკლესიის აკრძალვას. ტაძრებსა და მონასტრებში ტარდება ჩხრეკები, ეპისკოპოსებსა და მღვდლებს დევნიან სასამართლო წესით, აპატიმრებენ, თავს ესხმიან.

„როგორც ადრე იუგოსლავიაში ხდებოდა, ახლა, სამწუხაროდ, იგივე ხდება უკრაინაში“, – აცხადებენ ფილმის შემქმნელები, რომლებსაც ციტირებს „კომსომოლსკაია პრავდა“. – ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვაზე უკრაინაში და ვცდილობთ, მაყურებელს მივაწოდოთ ცოტა იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე მედიიდან შეუძლიათ გაიგონ. ჩვენ გვინდა, რომ ყველამ ნახოს ეს სურათი და დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიცხოვროთ შემდგომში“.

რეჟისორ ემირ კუსტურიცას აზრით, მართლმადიდებლები ერთად უნდა იყვნენ, რადგან მართლმადიდებლობას, რომელიც მრავალი ერის სარწმუნოებაა, მათ შორის სერბებისაც, ახლა სერიოზული საფრთხე ემუქრება.

როგორც ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა აღნიშნა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინაში „მოაწყო ის, რაც მთელი ისტორიის მანძილზე არ გაუკეთებიათ მდევნელებს, მტანჯველებს და კრიმინალებს, – დაწყებული ნეროდიან და დიოკლეტიანედან: არავის უცდია ეკლესიის, როგორც ასეთის, აკრძალვა. მან კი ეს გააკეთა“.

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων