10 Μαΐου, 2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

Διαδώστε:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა. ადრესატებს შორისაა ანტიოქიის უნეტარესი პატრიარქი იოანე X, იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქი თეოფილე III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე, რუმინეთის უნეტარესი პატრიარქი დანიელი, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასი, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარესი მიტროპოლიტი როსტისლავი, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონი, ოხრიდისა და მაკედონიის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე. მისალოც წერილებში ნათქვამია:

გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც არის დღესასწაულთა დღესასწაული და ზეიმთა ზეიმი (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა 45-ე) და გეხვევით რა ძმურად, მოციქულისეული სიცოცხლის დამამტკიცებელი მისალმებით მოგმართავთ:

ქრისტე აღდგა!

დღეს ადამიანური ბუნება აღდგენილია დიდი მღვდელთმთავრის მიერ, რომელმაც გამოუთქმელად და უხილავად შესწირა საკუთარი თავი საერთო ცოდვისთვის, ვითარცა ზატიკი (წმ. გრიგოლ ნოსელი. პირველი სიტყვა ქრისტეს აღდგომის შესახებ).

წმინდა პავლე მოციქული მოწმობს: „ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა“ (1 კორ. 5:7). საღვთო ძალითა და ხელმწიფებით, უფალი აღდგა მკვდრეთით, დათრგუნა სიკვდილი და გამოიხსნა რა ადამის შთამომავლები პირველმშობელთა ცოდვის დამღუპველი შედეგებისგან, კვლავ გაუღო მათ თავისი მარადიული სასუფევლის კარიბჭე.

ამ დღეს, რომელი ქმნა უფალმან (ფს. 117:24), ლოცვით გისურვებთ ძალების სიმტკიცეს და სულიერ სიხარულს, ღვთის უხვ შეწევნას და წარმატებებს თქვენს შრომებში წმინდა ეკლესიის სასარგებლოდ.

ქრისტეს აღდგომის დაუღამებელი ნათელი დაე, ყოველთვის ასხივებდეს და ათბობდეს თქვენს გულებს, და თავისი საოცარი ბრწყინვალებით ანათებდეს თქვენი შემდგომი საწინამძღვრო მსახურების სარბიელს.

ძმური სიყვარულით აღდგომილ უფლში,

+ კირილე,

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი

mospat.ru

Διαδώστε: