18 Σεπτεμβρίου, 2019

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

Διαδώστε:

 

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერის შესახებ
ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედატა მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირას.

მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს. ტაძარი XI საუკუნის 30-40-იან წლებში აუშენებია ქართლის კათალიკოსს იოანე ოქროპირს, ხუროთმოძღვარი კი მიქელ „ქართლისა ბანაქასალარი“ – სავარაუდოდ ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი უნდა ყოფილიყო. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჟამთა სვლის გამო ძლიერ დაზიანებული ტაძრის აღდგენა.

ფოკის დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა. მონაზვნები ადგილობრივ ბავშვებს ასწავლიან ქართულს, ინგლისურს, მუსიკას და ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვივებას ამ მხარეში. მონასტერთან ასევე ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, სადაც მონაზვნები სოფლის მცხოვრებთ უსასყიდლოდ მკურნალობენ.

მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ფოკანი“, სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები და ჭურჭელი მზადდება.

დედებს აქვთ ასევე მცირე მეურნეობა, მისდევენ მესაქონლეობას.

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა და მამათა მონასტრების დღესასწაული არის 1/19 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს.

georgiantravelguide.com

Διαδώστε: