24 Μαΐου, 2020

შობითგან ბრმის კვირიაკისთვის

Διαδώστε:

📖 „და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან… ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხაი იგი თვალთა მის ბრმისათა და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა“ (იოანე 9, 1,6-7).

👉 ბრმადშობილმა კაცმა მორჩილებისა და რწმენის მაგალითი მოგვცა, ღირსი მიბაძვისა. უფალი იესო ქრისტე მიუახლოვდა მას და სიტყვის უთქმელად სცხო თვალებზე ნერწყვში აზელილი თიხა, ისე, რომ ამის მიზეზიც არ გაუმხელია მისთვის. ბრმადშობილმა არაფერი ჰკითხა, არაფრის გამოძიებას არ შეუდგა, ცნობისმოყვარეობა არ გამოამჟღავნა, არ შეედავა, არ შეეწინააღმდეგა. შემდეგ, როცა უფალმა სილოამის საბანელთან მისვლა და თვალების ჩამობანა უბრძანა, ესეც მორჩილად აღასრულა, თავისი რწმენისა და მორჩილებისათვის კი ჯილდოდ თვალის საკვირველი აღხილვა მიიღო.

👉 ამგვარადვე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. სხვადასხვა მწუხარება და განსაცდელი რომ მოგვევლინება და ვერ ვხედავთ ვერც მათ დასაბამს, თუ საიდან და რატომ გვეწია, და ვერც ბოლოს, თუ რა მიზეზით დაგვატყდა ეს ყოველივე თავს, – არ უნდა დავკარგოთ მოთმინება და მტკიცე რწმენით აღვივსოთ ჩვენი ზეციური მამის საღვთო განგებულისადმი, რომელიც ყოველივეს ყველაფერს კეთილად და უმჯობესად განაგებს ჩვენთვის.

👉 თუკი შევიძლებთ ყველაფრის მორჩილად დათმენას და ღვთისადმი მადლობის მიძღვნას, მაშინ ჩვენი რწმენის სანაცვლოდ დავინახავთ, რომ ყოველივე მომხდარი საღვთო სიკეთე და წესრიგია. განსაკუთრებით სარწმუნოებრივ საქმეებში გვმართებს სიმტკიცე, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, გულის უბრალოებითა და ბავშვური მორჩილებით უნდა ვიღებდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ყველა საშუალებას ცხონებისათვის.

📖 „ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაი იყო: შენ რასა იტყვი მისთვის, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაწარმეტყუელი არს“ (იოანე 9,17).

👉 ბრმადშობილის საქციელი ყველაზე მეტად მისაბაძია თვალის აღხილვის შემდეგ, რამეთუ მან გვიჩვენა მაგალითი თავისი კეთილისმყოფელისადმი – უფალ იესო ქრისტესადმი მადლიერებისა.

👉 მისი მადლიერება მით უფრო ამაღელვებელი და სრულყოფილია ჩვენთვის, რომ მას ჯერ არ შეუცნია ქრისტე, ძე ღვთისა და მხოლოდ წინასწარმეტყველად მიიჩნევს მას. აქედან ცხადი ხდება, რომ ჩვენც მოვალენი ვართ, მადლობა ვუძღვნათ ხოლმე არა მხოლოდ შემოქმედ ღმერთს, არამედ ჩვენს კეთილისმყოფელ ადამიანებსაც. თუკი ყოველი სიკეთე ღვთისგანაა, მაშინ კეთილისმოქმედი ადამიანიც ღმერთის საქმეებს აღასრულებს.

👉 დავფიქრდეთ, ვბაძავთ კი ჩვენ უფლის მიერ თვალახელილ ბრმადშობილს, როცა მსგავს ვითარებაში აღმოვჩნდებით? ვიცავთ კი ჩვენც ჩვენს კეთილისმყოფელთ იმ ადამიანთა ძალადობისა და დევნისაგან, რომელნიც ხელმწიფებითა და ძლიერებით არიან შემოსილნი? ანდა გვძაგს კი ის ცილისწამება, რომლითაც ცდილობენ, ჩვენი კეთილისმყოფელების ღირსება შელახონ? ვდუმვართ კი მისთვის, რაც არ ვიცით? ვამბობთ კი იმას, რასაც ვხედავთ? რაოდენ უბრალო, მარტივად აღსასრულებელი საქმეა ეს, ადვილი და, ამასთან, რაოდენ დიადი და მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების ზეიმისათვის! და რა აუცილებელი და სასარგებლოა ეს ჩვენი სულებისათვის, ჩვენი ცხონებისათვის!

👉 განა ყოველთვის ვმადლობთ ღმერთს თვალახელილი ბრმის მსგავსად?! დავუკვირდეთ საკუთარ თავს – გვაქვს კი ჭეშმარიტი მადლიერება ღვთისადმი?! ეს მადლიერება მხოლოდ მის ქება-დიდებას არ გულისხმობს, არამედ – მისგან მომადლებულ ნიჭთა შენარჩუნებასა და ჯეროვნად გამოყენებასაც… და თუ ვნახავთ, რომ არ გვაქვს, ყოველი ღონით ვეცადოთ შევიძინოთ იგი, რათა, განკურნებული ბრმადშობილის მსგავსად, გულწრფელად და უანგაროდ შეგვეძლოს მუდამ აღიარება, რომ „გვწამს, უფალო!“

✍️ „საკვირაო სახარებათა განმარტების“ მიხედვით
📸 [ფოტოზე: ირაკლი ცინცაძის მინიატურა „ბრმადშობილის განკურნება“]

 

— facebook.com/sap.uwyebaNews

Διαδώστε: