12/05/2020 12/05/2020   თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”, -ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა, მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპი¬რას თევზაობდნენ. ამ წუთიდან მოყოლებული, ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის...
12 Μαΐου, 2020 - 15:59

წმინდა ანდრია მოციქული, პირველწოდებული (+62)

Διαδώστε:
წმინდა ანდრია მოციქული, პირველწოდებული (+62)

 

თორმეტ მოციქულთა შორის პირველად უფალმა წმინდა ანდრია მოციქულს მოუწოდა, ამიტომ მას პირველწოდებული ეწოდება. “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”, -ამ სიტყვებით იხმო წმინდა ანდრია და მისი ძმა, მოციქული პეტრე, როდესაც ისინი გალილეის ზღვის ნაპი¬რას თევზაობდნენ. ამ წუთიდან მოყოლებული, ძმები განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს, ვის სად ექადაგა. ანდრია მოციქულს საქადაგებლად ხვდა შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი (დღევანდელი რუსეთი).

პირველი მისიონერული მოგზაურობა

გადმოცემის თანახმად, თავიდან იქადაგა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში, შემდეგ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში.

ანტიოქია უძველესი ქალაქია მდინარე ორონტესის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ანთაქიას, თურქეთის მახლობლად. ქალაქი დააარსა სლეუკუს ნიკატორმა, ალექსანდრე დიდის ერთ-ერთმა სარდალმა, ძვ.წ. IV საუკუნეში. ანტიოქია ისრაელის გარეთ ქრისტიანობის აკვანი და ალექსანდრიის მეპაექრე გახდა ახლო აღმოსავლეთის მთავარი ქალაქის ტიტულისთვის.

***
36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინოპოლი. შემდგომ იქადაგა კაპადოკიაში, გალათეაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოში (დღევანდელი ჩრდ. თურქეთი), ხოლო შემდეგ გამოემართა საქართველოში, იქიდან – სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში.

მეორე მისიონერული მოგზაურობა

მეორე მისიონერული მოგზაურობიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე (იმ ადგილს დღეს წმინდა ანდრიას კონცხი ეწოდება). კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა. წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვით სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართიაში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში (ახლანდელი პაკისტანი), ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოცეფალები (ძაღლისთავიანი ადამიანები) ცხოვრობდნენ. გადმოცემით, ამ ხალხის ნახვამ ანდრია შეაშინა. თუმცაღა მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთის ნება იყო. სირიული წყაროების ცნობით, წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიაში (თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა). არსებობს სამი სხვადასხვა წყარო, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე – სირიიდან, ხოლო მესამე აქვთ ბულგარელებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიის ახლოს, სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს IX საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩრდილოეთითაც, სკვითებისა და მასაკების მიწაზე. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრიამ იქადაგა ალთაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ. აქ ალანებს უქადაგა სახარება. შემდეგ გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამებრივ სიკვდილს. იქიდან კი იერუსალიმში დაბრუნდა.

მესამე მისიონერული მოგზაურობა

აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე. გრიგოლმა შეაჯერა ეს ინფორმაცია და გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით, ანდრიას არ უნდა ექადაგა აფრიკაში, რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო. ეტყობა, საამისოდ მიზეზი არსებობდა. როგორც ცნობილია, მას წილად ერგო: ვიფონია, საბერძნეთი და აღმოსავლეთ სკვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან, რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი, რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე-სიბას ოაზისი, მაროკო, მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების (ტუარეგები) წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით, ანდრია მოციქული გაემართა ანთროპოფაგების (კაციჭამიები) ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად, კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში (ტანზანია, რუანდა, კონგო) და ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. იქიდან კი ანდრია მოციქული შეიძლებოდა დაბრუნებულიყო ეთიოპია-ნილოსის გავლით იერუსალიმში.

მეოთხე მისიონერული მოგზაურობა

ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი. გადმოცემით – ის ისევ ეწვია პონტოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა ყირიმში და ზევით აჰყვა დნეპრს კიევამდე, ასევე შავი ზღვისპირეთის სკვითების ქვეყნებში, ყირიმში, სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა დგას კიევი, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით, სადაც დღეს მოსკოვია, ნოვგოროდის და ლადოგის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ წავიდა. მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცაღა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ, იქიდან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში, სადაც ოცი წელი დაჰყო. რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონ-ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალიაში, ლამიაში, ლუტრაკიონსა და კორინთოში.

მოწამებრივი აღსასრული

უკანასკნელად მოციქულმა იქადაგა ქალაქ პატრაში (საბერძნეთი). წმინდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოიქცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქისთავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღვთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმინდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმათ, არამედ დაეკიდათ. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს წმინდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღვთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმინდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას, მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა 62 წელს.

მოციქულის წმინდა ნაწილები

წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, 62 წელს, დაკრძალეს ქალაქ პატრაში. 357 წელს კონსტანტინე დიდის ვაჟმა, კონსტანციუსმა, წმინდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქალაქ პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იმყოფებოდა 1964 წლამდე. დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების ჯვრის გვერდით ქალაქ პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონის მთაზეა: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა ათანასეს ლავრაში, ერთი ტერფი ინახება ელია წინასწარმეტყველის სავანეში, ხოლო მეორე – წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები 1208 წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლის წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს.

ახალი სტილით 12 მაისს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენებას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს იმ დიდი ღვაწლის მოსახსენებლად, რომელიც ამ წმინდანმა ქართველთა მოსაქცევად გაწია. დიახ, ჩვენი რწმენა მოციქულთა დროინდელია. ამას მოწმობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ჟამთააღმწერელნი.

karibche.ambebi.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων