14 Οκτωβρίου, 2020

წმინდა სინოდის წევრები მომავალი სინოდის სხდომისა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საუბრობენ

Διαδώστε:

ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელის განცხადებით, სინოდმა შესაძლოა, დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სინოდი მაშინ შეიკრიბება, როცა „ღმერთი ინებებს“ და პასუხგაუცემელი არაფერი დარჩება.

„სინოდი აუცილებლად შეიკრიბება. რა შეკითხვაც დაისმება, ყველაფერს გაეცემა პასუხი. გამოძიება ხომ მიმდინარეობს და ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი როცა ინებებს, აუცილებლად იქნება სინოდი“,-აღნიშნა მეუფე მიქაელმა სინოდის სხომაზე დავით გარეჯის საკითხის შესაძლო განხილვის კომენტირებისას.

ყველაფერს არჩევნები გადაწყვეტს და გაარკვევს – კმარა ასეთი ცხოვრება! ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსებით და რომელიც რაღაცას გააკეთებს. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ, – ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სიმართლეს ემსახურებოდნენ.

„ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების უაზრო და გაუაზრებელი მითითებების გამო .ჯერ არ არის ეს საქმე გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი და რატომ ღელავს ორივე მხარე, მე არ ვიცი. შეიძლება, ეს პოლიტიკური კონტექსტი იყოს. ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

არ ვიცით ამ საკითხზე სინოდი გაიმართება თუ არა, როგორც საჭირო იქნება, ისე მოხდება, მეც ტელევიზიებიდან გავიგე რუკების ამბავი და მანამდე ვიცოდით, რომ რაღაც პრობლემა იყო, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მამა კირიონს ესაუბრა.

„ჩვენ ვიყავით დავით გარეჯში ჩასული, როდესაც პირველად მოხდა აზერბაიჯანელი სამხედროების გაჩერება“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ.


— dogma.ge

Διαδώστε: