18 Οκτωβρίου, 2024

ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ქართლში

Διαδώστε:

ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ქართლში

10 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ხელშეწყობით, ტრადიციული საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების ფარგლებში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა და პედაგოგებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში მდებარე წმ.ესტატეს სახელობის ტაძარი მოინახულეს.

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის პედაგოგებმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ და რუსუდან ვაშალომიძემ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ერთაწმინდის მე-13 საუკუნით დათარიღებული ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ისტორიის, არქიტექტურისა და მხატვრობის შესახებ და ტაძრის კედლებზე გამოსახული სცენების კვალდაკვალ სტუდენტებს წმინდა ესტატეს ცხოვრებისა და მოწამებრივი აღსასრულის ისტორია გაახსენეს. აღსანიშნავია, რომ ტაძრის წინამძღვრის, მამა თევდორეს კეთილი ნებით, მომლოცველებს წმ.ესტატე პლაკიდას წმ.ნაწილებთან მიახლებისა და თაყვანისცემის საშუალებაც მიეცათ.

მეორე მნიშვნელოვანი ტაძარი, რომელიც შიდა ქართლის მხარეში მოინახულეს სტუდენტებმა ატენის სიონის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია იყო (დათარიღებულია VII საუკუნის I ნახევრით). ატენის სიონის ისტორიის, არქიტექტურის, მოხატულობისა და იქ დაცული სიწმინდეების შესახებ სტუდენტებმა, ასევე, ვრცელი, საგულისხმო ინფორმაცია მიიღეს პედაგოგებისაგან.

ტაძრების მოლოცვის, შთამბეჭდავი სანახაობებისა და საინტერესო ლექციების შემდეგ მდინარე ტანას ნაპირას ტრაპეზი გაიმართა. სტუდენტებისა და პედაგოგების ერთობას კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა ჩონგურის თანხლებით შესრულებულმა ხალხურმა და ქალაქურმა სიმღერამ.

tsas.ge

Διαδώστε: