15 Ιουνίου, 2020

15 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

Διαδώστε:

15 ივნისიდან მართლმადიდებლებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა იწყება, რომელიც ქრისტეს მოციქულების – პეტრესა და პავლეს უკავშირდება და მათი ხსენების დღეს, 12 ივლისს დასრულდება.
პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ამგვარად, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გრძელდება ხოლმე, ხოლო ყველაზე მცირე – 7 დღე.

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში.

პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქია.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).
dogma.ge

Διαδώστε: