11 Νοεμβρίου, 2020

2020 წლის 3-4 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) ორგანიზებით თელავში მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის ორდღიანი სემინარი გაიმართა

Διαδώστε:
სემინარის მთავარი თემა იყო ბავშვთა უფლებები და სასულიერო პირების როლი ამ უფლებების დაცვის მიმართულებით.
შეხვედრებზე განიხილეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი და ამ დოკუმენტებში არსებული ბავშვთა დაცვის მექანიზმები.
სასულიერო პირებმა და მოწვეულმა ფსიქოლოგებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ბავშვთა დაცვა ინტერნეტსივრცეში;
აზარტული თამაშების პრევენცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში;
ბრაზის და შფოთვის მართვა;
სუიციდის გაზრდილი სტატისტიკა და მისი პრევენციის გზები;
ბულინგი მოზარდებში;
სასულიერო პირის მნიშვნელობა ახალგაზრდებთან ურთიერთობისას.
სასულიერო პირებმა განსაკუთრებულად გაამახვილეს ყურადღება ბავშვებისა და მათი უფლებებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულებების და სწავლებების შესახებ.
სემინარზე საგანგებოდ აღინიშნა, რომ სასულიერო პირებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებში. ისინი კარგად იცნობენ და ახლო ურთიერთობა აქვთ საზოგადოების ყველა წევრთან, ბავშვებთან და მათ ოჯახებთან. აქედან გამომდინარე, მოძღვარს ყველაზე უკეთ შეუძლია, თითოეული მოზარდის მოსმენითა და მისი პრობლემის გაზიარებით დადებით შედეგებს მიაღწიოს საზოგადოებაში ბავშვის უფლებების
პოპულარიზების მიმართულებით.
სემინარის დასასრულს სასულიერო პირებმა გამოთქვეს სურვილი, მომზადდეს საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოძღვრებს ექნებათ საშუალება, უშუალო, სისტემატიური და აქტიური ურთიერთობა ჰქონდეთ მოზარდებთან და ახალგაზრდებთან.
უმნიშვენლოვანესია, რომ ამ პროექტის ფარგლებში სასულიერო პირების მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა მიმართული იქნება ზემოხსნებული პრობლემების გადაჭრისა და მომავალ თაობაში სულიერი ფასეულობების ჩამოყალიბებისაკენ.
ფოტომასალა: UNICEF Georgia

Διαδώστε: