23 Μαΐου, 2022

23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება

Διαδώστε:

23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვიმონ კანანელის ხსენებას აღნიშნავს. მაცხოვრის მოციქულმა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში იქადაგა და მოწამეობრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი განსასვენებელი სოხუმთან ახლოს, კომანში მდებარეობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ,,აფხაზეთის დღე“ დაწესდა.

ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაიხადა პარაკლისი, რომელსაც მრევლთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბ-ნი რუსლან აბაშიძე და მთავრობის სხვა წარმომამდგენლები დაესწრნენ.

დღესვე, თბილისში, ილორის წმინდა გიორგის ხატის სახელობის ტაძარში, აფხაზეთის ომში დაღუპულთათვის წირვა ჩატარდა და გარდაცვლილთა სახელზე გაიცა საკურთხი, რომელიც საპატრიარქოსთან არსებულ უპოვართა სახლის ბენეფიციარებს დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ ,,მოწყალების სახლი“ უკვე 29 წელია ფუნქციონირებს და საკვებით ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა. იგი თავდაპირველად აფხაზეთიდან დევნილთა დასახმარებლად დაფუძნდა და მომსახურე პერსონალიც ძირითადად სოხუმელები არიან.

patriarchate.ge

Διαδώστε: