30/10/2024 30/10/2024 უკრაინაში 2024 წლის 20 აგვისტოს მიღებული No3894-IX კანონის, „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“, ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სამმართველო იუწყება, რომ ეს საკანონმდებლო აქტი უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. უპირველეს ყოვლისა, კანონი No3894-IX აწესებს რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვის დაწესების სასამართლოგარეშე პროცედურას. ასეთი აკრძალვა დეპუტატთა კორპუსმა უკვე დააწესა უკრაინაში რუსეთის...
30 Οκτωβρίου, 2024 - 15:53

მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სამმართველოს განცხადება უკრაინაში 20.08.24-ში მიღებული No3894-IX კანონის – „კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში“ – ძალაში შესვლასთან დაკავშირებით

Διαδώστε:
მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სამმართველოს განცხადება უკრაინაში 20.08.24-ში მიღებული No3894-IX კანონის – „კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში“ – ძალაში შესვლასთან დაკავშირებით

უკრაინაში 2024 წლის 20 აგვისტოს მიღებული No3894-IX კანონის, „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“, ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქოს იურიდიული სამმართველო იუწყება, რომ ეს საკანონმდებლო აქტი უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

უპირველეს ყოვლისა, კანონი No3894-IX აწესებს რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვის დაწესების სასამართლოგარეშე პროცედურას. ასეთი აკრძალვა დეპუტატთა კორპუსმა უკვე დააწესა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობაზე (კანონის მე-3 მუხ.). ამრიგად, უმაღლესმა რადამ ლეგიტიმური სასამართლო პროცედურის გარეშე, რაც გულისხმობს საჯაროობას, მტკიცებულებების შეგროვებას და გამოკვლევას, სასამართლო პროცესში მხარეთა მონაწილეობას და პაექრობას, გადაწყვიტა აეკრძალა უმსხვილესი ქრისტიანული კონფესიის საქმიანობა და გამოაცხადა იგი „აგრესორი სახელმწიფოს რეჟიმის იდეოლოგიურ გაგრძელებად და სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილედ“ (კანონის მე-3 მუხ. 1-ელი პუნ.). მილიონობით მორწმუნის ღირსების შემლახველ ამ უპრეცედენტო ნორმას არ აქვს ანალოგი არც საერთაშორისო სამართალში და არც უცხოურ კანონმდებლობაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვა არის ჩარევის უკიდურესი ზომა, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში წინ უძღვის გაფრთხილება, ჯარიმა და სხვა ადმინისტრაციული სახდელი. გავლენის ყველა ეს ზომა უხეშად უგულებელყო უკრაინელმა კანონმდებელმა, რომელმაც აირჩია რელიგიური თემების ცხოვრებაში ჩარევის უკიდურესი ფორმა.

კანონი No3894-IX ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციის 35-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც რელიგიური ორგანიზაციები გამოყოფილია სახელმწიფოსგან. ეს კონსტიტუციური პრინციპი გულისხმობს რელიგიური გაერთიანებების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის აკრძალვას, როგორც ეს ნათქვამია უკრაინის 1991 წლის 23 აპრილის No987-XII კანონის მე-5 მუხლში „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“.

„ჩაურევლობის“ პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს რელიგიური ორგანიზაციების სრულ ავტონომიურობას საკუთარი იერარქიული სტრუქტურის განსაზღვრისა და მმართველი ორგანოების დანიშვნის (არჩევის) საკითხებში. საერთაშორისო სამართლის ნორმები პირდაპირ და ცალსახად ადგენს რელიგიური ორგანიზაციების ამ უფლებას. თუმცა, ეს უფლება უხეშად ირღვევა No3894-IX კანონით, რომელიც ლიკვიდაციის მუქარით აიძულებს უმე-ს შეცვალოს საკუთარი იერარქიული სტრუქტურა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან „აფილირების“ ფორმალური ნიშნის საფუძველზე. უფრო მეტიც, ახალი კანონის II ნაწილი რელიგიური თემების ხელმძღვანელებისთვის აწესებს საეკლესიო კანონებში დაფიქსირებულ იერარქიულ კუთვნილებაზე საჯაროდ ზეპირი ან წერილობითი განცხადებით უარის თქმის სამარცხვინო პროცედურას.

კანონი No3894-IX ავსებს უკრაინის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ნორმით, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში, მის საკუთრებაში არსებული ქონება გადადის სახელმწიფოს ხელში. ამასთან, უკრაინის კანონის მე-9 მუხლს, „სახელმწიფო და კომუნალური ქონების იჯარის შესახებ“, დაემატა დებულება, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, ვადამდე ადრე შეწყვიტონ უსასყიდლო სარგებლობის ან იჯარის ხელშეკრულებები რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ რუსეთის ეკლესიასთან კავშირის ნიშნები. ფაქტობრივად, ახალი კანონი ითვალისწინებს უმე-ის რელიგიური ორგანიზაციების ქონების ნაციონალიზაციას, თუ ისინი უარს იტყვიან იერარქიული კუთვნილების შეცვლაზე.

№3894-IX კანონის ნორმები შეიძლება შევადაროთ სახალხო კომისართა საბჭოს 1918 წლის 5 თებერვლის დადგენილებას „ეკლესიის სახელმწიფოსგან და სკოლის ეკლესიისგან გამოყოფის შესახებ“, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს ართმევდა იურიდიულ უფლებებს და მათ კუთვნილი ქონებას „ეროვნულ საკუთრებად“ აცხადებდა. დეკრეტის მიღებამ, რომელიც უხეშად არღვევდა მორწმუნეთა უფლებებს, გამოიწვია სისხლის ღვარცოფი, რაც იყო შედეგი ეკლესიების იძულებითი დახურვისა, ათეისტური სახელმწიფოს მიერ შექმნილი სქიზმატური ჯგუფებისათვის მათი გადაცემისა და ეკლესიის ქონების კონფისკაციისა. სწორედ ასეთ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს No3894-IX კანონმაც.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონით გათვალისწინებული რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციის საფუძველი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასე, მაგალითად, კანონის მე-5 მუხლის თანახმად, რელიგიური ორგანიზაცია ექვემდებარება ლიკვიდაციას „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდის შემთხვევაში, რომელიც, თავის მხრივ, ახალი კანონით განისაზღვრება როგორც „რუსული ნეოკოლონიალური დოქტრინა“, რომლის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, არის „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის გავრცელება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ“. ფაქტობრივად, კანონმდებელი რელიგიური თემის ლიკვიდაციის საფუძვლად მიიჩნევს რელიგიური მრწამსის გავრცელებას.

No3894-IX კანონის დებულებების შესრულება ძირითადად ევალება რელიგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოს. ეს ორგანო, ახალი კანონის დებულებებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ აღიარებს რელიგიურ ორგანიზაციას რუსეთის ეკლესიასთან დაკავშირებულად, არამედ კოორდინაციას უწევს უკრაინის რელიგიური თემების „ურთიერთობებს, კავშირებსა და კომუნიკაციებს“ მოსკოვის საპატრიარქოსთან. ამრიგად, უკრაინის ტერიტორიაზე აღორძინდა საბჭოთა ეპოქის რუდიმენტი – რელიგიური საკითხებში სპეციალური სახელმწიფო ორგანო, რომელიც უღმერთოობისა და ეკლესიის დევნის დროს კოორდინაციას უწევდა ეპისკოპოსების დანიშვნას კათედრებზე, ახორციელებდა ცენზურას საეკლესიო გამოცემებზე, არეგულირებდა ტაძრების ფუნქციონირებას ზარის რეკვის ნებართვის გაცემამდეც კიდეც. ასეთი სახელმწიფო ორგანოს აღორძინება, სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებით, უკრაინის კანონმდებლობის დეგრადაციის დასტურია.

მთლიანობაში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონგარეშე გამოცხადებით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ კონფლიქტში შედის მის მთელ სისავსესთან, და ავიწყდება, რომ შეუძლებელია ეკლესიის, როგორც კონფესიის, საქმიანობის აკრძალვა, რადგან მის სტატუსს, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრავს საღმრთო დადგენილებები და მხოლოდ ამის შემდეგ – სახელმწიფო კანონმდებლობა.

 

„Патриархия.ru“-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით

 

mospat.ru/ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων