საეკლესიო კალენდარი: 3 ივლისი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი
წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა. წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.
წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი
წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.
წმიდა ლევკიოს აღმსარებელი – ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი
წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.