საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 30 ნოემბერს დიდმოწამე მიქაელის, რომელსა ეწოდა გობრონ და 133-თა მხედართა მისთა, წმიდა. გრიგოლ საკვირველთმოქმედის და ღირსი ლაზარე ხატმწერის ხსენების დღეს აღნიშნავს
დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი
არაბებმა 914 წელს უკანასკნელად დალაშქრეს ამიერკავკასია. ამირა-მუმნის ურიცხვ ლაშქარს სარდლობდა აბულ-კასიმი. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავი. ციხე კარგად იყო გამაგრებული, მაგრამ მეციხოვნენი შიგ ცოტანი იყვენნ. ოცდარვა დღე გაგრძელდა ბრძოლა. ხან სარკინოზებს მიჰქონდათ იერიში ციხეზე, ხან მეციხოვნენი გამოუხდებოდნენ მტერს გობრონის მეთაურობით, რისხვას დაატეხდნენ მას თავს და კვლავ ციხეს უბრუნდებოდნენ.
მტრებმა უკანასკნელი იერიში მიიტანეს ყველისციხეზე, აიღეს იგი და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი მეციხოვნენი, მათ შორის გობრონიც. ადარნასე მეფე დიდძალი საფასი გადაიხადა და პყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის განთავისუფლებაზე უარი განაცხადეს. სარკინოზებმა დასასჯელად გაიყვანეს გობრონთან ერთად შეპყრობილი ას ოცდაცამეტი მხედარი.
ამირას ბრძანებით სამი დიდი საფლავი გათხარეს, მოწამეთა გვამები შიგ ჩაყარეს, მიწა მიაყარეს და ქრისტიანებს მათთან მიახლოება აუკრძალეს. საფლავებს ღამღამობით ზეციური ნათელი ადგებოდა.
წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიის ეპისკოპოსი
წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედი, ნეოკესარიელი ეპისკოპოსი (ნათლისღებამდე – თეოდორე) ქალაქ ნეოკესარიაში,(მცირე აზიის ჩრდილოეთი), წარმართულ ოჯახში დაიბადა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო.
როცა იმპერატორმა დეკიუსმა (249-251) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მღვდელმთავარი გრიგოლი თავის სამწყსოსთან ერთად მოშორებით მდებარე მთას შეეხიზნა. მეომრებმა მთას ალყა შემოარტყეს. მღვდელმთავარი გაშლილ ადგილას გამოვიდა, ხელები ცისკენ აღაპყრო, თავის დიაკონს უბრძანა, ასევე მოქცეულიყო და ლოცვა დაიწყო. მხედრებმა მთელი მთა გაჩხრიკეს, რამდენჯერმე ჩაუარეს მლოცველებს, მაგრამ ვერ დაინახეს ისინი და უკანვე გაბრუნდნენ.
წმიდა მწყემსმთავარი თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთამაგონებელი ქადაგებებით, სასწაულებითა და სამწყსოს ბრძნული მართვით სულ უფრო და უფრო ამრავლებდა ქრისტიანთა რიცხვს. ნეტარის მიცვალების დროისთვის (+დაახლ. 266-270) ნეოკესარიაში ჩვიდმეტი წარმართიღა დარჩა მაშინ, როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრებისას ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ ჩვიდმეტი ქრისტიანი იყო.
ღირსი ლაზარე ხატმწერი სიყმაწვილიდანვე შეუდგა მონაზვნურ ღვაწლს. იგი მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, გამუდმებით მარხულობდა და ლოცულობდა, ამასთან, საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა. ღვთივსათნო ღვაწლისა და კეთილმსახური ცხოვრებისთვის ლაზარე მღვდლად აკურთხეს. უფლის რჩეული ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ხატმწერი. ამისთვის ხატმბრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (829-842) დროს იგი შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს. ნეტარს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ იმპერატორ თეოდორას (842-855) ჩარევით გადაურჩა დასჯას. ღირსი ლაზარე მშვიდობით მიიცვალა 857 წელს, როცა პაპ ბენედიქტე III-სთან (855-858) საეკლესიო საქმეებზე გაგზავნილ ელჩობასთან ერთად რომიდან ბრუნდებოდა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.