სულთმოფენობიდან XX კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება
1 (14) ოქტომბერი), 2018
სულთმოფენობიდან მე-20 კვირიაკე
წირვაზე – გალ.1:11-19; ლკ. 6:31-36.
წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ – 1:11-19
გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი.
მოციქულს სურს, აჩვენოს, რომ ის ნამდვილად განუდგა რჯულისკანონს. ამიტომ იხსენებს თავის ძველ ცხოვრებასა და მკვეთრ ცვლილებას. აცხადებს, რომ არ დაუტევებდა იუდეველობას, რომ არ ჰქონოდა ამაზე გარკვეული საღმრთო მტკიცებულება. ამიტომაც ამბობს: სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცისმიერი, – ანუ კაცი კი არ მყავდა მასწავლებლად, არამედ თვით ქრისტეს მოწაფე ვიყავი.
ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
ცილისმწამებლები პავლეზე ამბოდნენ, რომ ის არ იყო სხვა მოციქულებივით ქრისტეს უშუალო მსმენელი, და რომ ყველაფერი სხვებისგან გაიგო. წმინდა პავლე კი ეუბნება მათ, რომ სახარება მას იმან გამოუცხადა, ვინც პეტრე და სხვები განსწავლა.
თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.
თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში. საიდან ჩანს, – ამბობს ის, – რომ სახარება საღმრთო გამოცხადებით მივიღე? ჩემი ძველი ცხოვრებიდან. ქრისტიანობის ასეთი მდევნელი ვიყავი და უცებ როგორ შევიცვლებოდი, თავად ღმერთი რომ არ ჩარეულიყო? ხოლო მოშურნე მდევნელი რომ ვიყავი, იქიდანაც ჩანს, რომ ამის შესახებ თქვენც გსმენიათ და გალატელებსაც, იუდეისგან შორს რომ ცხოვრობენ.
რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.შეხედე, როგორ მძაფრად გამოთქვამს! კი არ უთქვამს, უბრალოდ, „ვდევნიდი“, არამედ: „სასტიკად ვდევნიდი“; უფრო მეტიც – „ვარბევდი“; ანუ პავლე საფუძვლამდე ცდილობდა მის დარღვევას და აღმოფხვრას, – სწორედ ამას იზრახავს დამარბეველი.
ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლ-სწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
ყველა ჩემს თანატოლს აღვემატებოდი მოშურნეობით, – ამბობს მოციქული, – და ეკლესიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაშიც ყველაზე წინ მივდიოდი; სხვაგვარად: დიდ პატივში ვიყავი იუდეველებთან. მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ ეს პატივმოყვარეობის ან რისხვის გამოძახილი იყო, არა – ღვთისკენ სწრაფვა მამოძრავებდა. ასე რომ, თუკი ეკლესიის წინაღმდეგ ვიბრძოდი, და ამას ვაკეთებდი არა ადამიანური ანგარებით, არამედ ღვთისადმი მოშურნეობით (თუმცა აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი), მაშინ მით უფრო ახლა, როცა ჭეშმარიტება შევიცანი, როგორ ვიქადაგებ ადამიანური დიდებისმოყვარეობით სხვა რამეს, და არა იმას, რასაც ჭეშმარიტება მიბრძანებს და რაც ქრისტემ მასწავლა?
ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო.
ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია. თუკი პავლე დედის საშოდანვე იყო ღვთისგან გამორჩეული და წინასწარგანსაზღვრული სახარების საქადაგებლად, მაშინ, რა თქმა უნდა, საღვთო განკარგულების თანახმად დარჩებოდა იუდეველად გარკვეული ხანი, – ეჭვგარეშეა, იმისათვის, რომ მასში მომხდარ ესოდენ მკვეთრ ცვლილებას ადამიანთა დიდი სიმრავლე მიეზიდა ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ და ქრისტეს გზაზე განემტკიცებინა. ღმერთს იგი წილისყრით არ აურჩევია, არამედ მისი ღირსების წინასწარხედვით.
და თავისი მადლით მიხმო. თუმცა ღმერთმა პავლე მისი სათნოების გამო გამოირჩია, რამეთუ ნათქვამია: „ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი“ (საქ. 9:15), მაგრამ თავად მოციქული თავმდაბლად ამბობს, რომ მადლითაა ხმობილი არა საკუთარი ღირსების გამო, არამედ ღვთის წყალობით.
კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.
კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში.მოციქულს არ უთქვამს: „გამოეცხადებინა ჩემთვის“, არამედ – „ჩემში“. ამით ის აჩვენებს, რომ არა მხოლოდ სიტყვიერი შეგონება მიიღო, არამედ, ასევე, მისი გულიც აივსო სულიწმიდის მადლით, რამეთუ ეს ცოდნა მის შინაგან კაცში ჩაიბეჭდა და მასში ქრისტე საუბრობს.
რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი. ღმერთმა თავისი ძე განმიცხადა არა მხოლოდ იმისათვის, რომ მე იგი შემეცნო, არამედ იმისათვისაც, რომ ის სხვებისთვისაც მეხარებინა. ასე რომ, მისგან მაქვს რწმენაც და მოციქულობაც. მაშ, როგორ ამბობთ ამის შემდეგ, რომ სარწმუნოება ადამიანებისგან ვისწავლე? ჩემი მოციქულობა მიზანმიმართულია – წარმართებს უნდა ვუქადაგო; და როგორ ვუქადაგო მათ წინადაცვეთა?
მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. არ წავსულვარ მოციქულებთან რჩევა-დარიგების მისაღებად. ის სწორედ მათ უწოდებს „სისხლსა და ხორცს“, რადგან ბუნებითად ასეთები იყვნენ; ან ასე უწოდებს ყველა ადამიანს, ვინაიდან სარწმუნოების შემეცნების გზაზე არცერთი ადამიანი არ ყოფილა მისი მასწავლებელი.
არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს.
როგორ უნდა ეთქვა ეს მოციქულს? ნუთუ იმდენად გაამპარტავნდა, რომ საკუთარ თავს თვითკმარად მიიჩნევს და რჩევებს არ საჭიროებს? ნუთუ არ მოუსმენია გამოთქმა: „ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ“ (იგავ. 3:7)? და: „ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში“ (ეს. 5:21)? არა, არცერთ შემთხვევაში ასე არ უნდა ვიფიქროთ! საქმე ისაა, რომ ცილისმწამებლები ამბობდნენ, უსმინეთ მოციქულებს და არა პავლეს, რადგან ისინი პავლემდე იყვნენ ქრისტეს მოციქულებიო. ამიტომ გახდა წმინდა პავლე იძულებული, ასეთი რამ ეთქვა, რათა მაცდურთათვის პირი აეკრა. საერთოდაც, უგუნურება იქნებოდა, ღმერთისგან განსწავლულს ადამანებისგან მიეღო გაკვეთილები. ამდენად, თავისმოსაწონებლად კი არ ამბობს იგი ამას, არამედ საკუთარი ქადაგების ღირსების წარმოსაჩენად. მართალია, ის იერუსალიმში ავიდა, მაგრამ არა სასწავლებლად, არამედ სხვების დასარწმუნებლად იმაში, რომ იერუსალიმში მცხოვრებნიც მსგავსადვე ფიქრობდნენ. თანაც მაშინვე კი არა ასულა იერუსალიმში, არამედ შემდგომში, ისიც მათ დასარწმუნებლად. .
არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. პავლე დადიოდა დაუმუშავებელ და ველურ ადგილებში, რადგან ის რომ მოციქულებთან დარჩენილიყო, მაშინ მისი ქადაგება დიდ წინააღმდეგობას წააწყდებოდა და ასე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა. ამიტომ იგი ყველაზე ველურ ხალხთან წავიდა. მაგრამ ყურადღება მიაპყარი მის სიმდაბლეს: პავლე ქალაქებს ჩამოთვლის, მაგრამ არ ამბობს, თუ რამდენი მოაქცია, თუმცა დამასკოში ისე აღაშფოთა იუდეველები, რომ ეთნარქმა დევნა დაუწყო. ასე რომ, თუკი გვეჩვენება, რომ პავლე საკუთარ თავზე ბევრს საუბრობს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას პატივმოყვარეობა კი არ ალაპარაკებს, არამედ ქადაგების წარმატების სურვილი: თუ ის უფლის მოწაფეობას ვერ დაამტკიცდება, მაშინ მას აღიქვამდნენ როგორც უბრალო კაცს და მოწაფეთა მოწაფეს.
სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სახილველად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან.
ესეც მის სიმდაბლეს ამტკიცებს: ესოდენი სრულყოფილების მიუხედავად, პეტრესთან მიემგზავრება, თუმცა, არა რაიმე სარგებლის მისაღებად, არამედ გასაცნობად და მისთვის, როგორც აღმატებულისთვის პატივის მისაგებად. ამიტომაც ამბობს: „პეტრეს სანახავად“ (видеться, ίστορήσαι), და არა – „სახილველად“(видеть,ίδεΐν), როგორც გამოთქვამენ ხოლმე დიდი და მშვენიერი ქალაქის გაცნობის მსურველები; მსგავსად იმისა, როცა მივემგზავრებით ხოლმე წმინდა მამებთან, მაგრამ ჩვენ უფრო სარგებლის მისაღებად მივდივართ, ის კი მხოლოდ პატივის მისაგებად მიდის.
თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. შეხვედრა პატივს გამოხატავდა, მასთან ყოფნა კი მეგობრობასა და მხურვალე სიყვარულს. პავლეს არ უთქვამს: „ვსწავლობდა მისგან“, არამედ: „დავყავი მასთან“.
სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა.
იერუსალიმში პავლე პეტრეს სანახავად ავიდა, რადგან უყვარდა და პატივს სცემდა, მაგრამ იაკობსაც შეხვდა და მასაც პატივით მოიხსენიებს: მას უწოდებს უფლის ძმას, – ასე უცხო იყო მისთვის შური!თუმცა შეეძლო, კლეოპას ძე ეწოდებინა, რადგან იაკობი არ იყო უფლის ხორციელი ძმა, – ასეთად მხოლოდ ითვლებოდა. ხოლო თუ რანაირად იყო იაკობი კლეოპას ძე, ამის შესახებ მოისმინე: კლეოპა და იოსები ძმები იყვნენ; როდესაც კლეოპა უშვილოდ მოკვდა, იოსებმა მას თესლი აღუდგინა და შვა იაკობი და მისი სხვა ძმები, და მარიამი, რომელიც მართალია, კლეოპას ასული იყო, მაგრამ სახარება მას ღვთისმშობლის დად მოიხსენიებს, ვინაიდან იოსები ყოვლადწმიდა ქალწულთან მიმართებით ყოველთვის მზუნველი მამა რჩებოდა და არასოდეს ჰქონია მისდამი რაიმენაირი ქმრისეული განწყობა[ნუ იყოფინ!].
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 6:31-36
როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.
ძირძველი, დასაბამი მცნებაა – გიყვარდეს. მარტივი სიტყვაა, მაგრამ ყოვლისმომცველ საქმეს გამოხატავს. სათქმელად ადვილია – გიყვარდეს, მაგრამ ადვილი არ არის, სიყვარულის სათანადო ზომას მიაღწიო. ამიტომ მაცხოვარი ამ მცნებას განმარტებით წესებს ურთავს: გიყვარდეს, „როგორც თავი თვისი“; დაროგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.აქ სიყვარულის საზომად მითითებულია, შეიძლება ითქვას, განუზომლობა, რადგან უზომოა ადამიანის სიყვარული საკუთარი თავისადმი და ის სიკეთე, რასაც იგი თავის თავს უსურვებს. თუმცა, ამასთან, ეს მცნება არ არის შეუსრულებადი. მთელი საქმე ისაა, რომ სრულყოფილი თანაგრძნობა იქონიო სხვებთან ისე, რომ მათი გრძნობები სრულად გაითავისო, იგრძნო ისე, როგორც ისინი გრძნობენ. როდესაც ამას მიაღწევ, მაშინ უკვე აღარ დაგჭირდება მითითება, თუ როდის და რა გააკეთო სხვებისთვის: გული თავად დაგანახებს. მთავარია, თანაგრძნობა შეინარჩუნო, თორემ მაშინვე შემოგიტევს ეგოიზმი და საკუთარი თავისკენ მიგაბრუნებს და იქ ჩაგკეტავს. ამის მერე უკვე თითსაც აღარ გააქანებ სხვისთვის და ზედაც არ შეხედავ, თუნდაც კვდებოდეს. როდესაც უფალმა თქვა: „შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“, ამით მას სურდა, რომ ჩვენს ნაცვლად ჩვენში, ანუ ჩვენს გულში, ჩვენი მოყვასი მდგარიყო. ხოლო, თუკი იქ, ცენტრში, ძველებურად ჩვენი „მე“ დარჩება, მაშინ სიკეთეს ნუ ელოდები.
წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული
თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.
და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.
თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.
ეს ნიშნავს: თუკი თქვენ სიკეთეს იმის იმედით აკეთებთ, რომ სამაგიერო მოგიზღონ, მაშინ იცოდეთ, რომ სინამდვილეში არანაირ სიკეთს არ აკეთებთ.განა ღმერთი ელოდება, რომ ადამიანებმა მზის სითბო დაიმსახურონ და მხოლოდ ამის შემდეგ უბრძანებს მზეს, რომ გაგვათბოს? თუ პირველი იჩენს გულმოწყალებასა და სიყვარულს? გულმოწყალება – ეს არის აქტიური სათნოება, და არა – მომლოდინე. ღმერთი ნათლად აჩვენებს ამას სამყაროს შექმნიდანვე, დღითიდღე ის თავისი უხვი ხელით მდიდარ საბოძვარს უგზავნის ყველა თავის ქმნილებას.მას რომ მოეცადა, სანამ ქმნილებები პირველები შესწირავდნენ მას რამეს, მაშინ არც სამყარო იარსებებდა და არც ქმნილება. თუ ჩვენ ჩვენი მოყვარენი გვიყვარს, მაშინ ისეთივე მოვაჭრენი ვართ, ერთმანეთში გაცვლას რომ აწარმოებენ. თუ ჩვენ მხოლოდ ჩვენს კეთილისმყოფელებს ვუკეთებთ სიკეთეს, მაშინ საკუთარი ვალის გადამხდელი მოვალენი ვყოფილვართ. გულმოწყალება კი არ არის ის სათნოება, ვალებს რომ იხდის, არამედ მუდმივად თავად რომ ავალებს. სიყვარულიც ისეთი სათნოებაა, რომელიც მუდმივად ვალად აძლევს და უკან დაბრუნებას არ ელოდება. თუ ჩვენ სესხს გავცემთ უკან დაბრუნების იმედით, მაშინ ამით რას ვაკეთებთ? ერთი სალაროდან ფული მეორეში გადაგვაქვს, ვინაიდან რაც გავასესხეთ, ის ჩვენს საკუთრებად მიგვაჩნია, ისევე, როგორც მაშინ მიგვაჩნდა, როცა ეს ფული ჩვენს ხელში იყო. უგუნურება იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ზემოთ მოყვანილი სიტყვებით უფალი თითქოს გვასწავლის, რომ არ უნდა შევიყვაროთ ჩვენი მოყვარენი და არ გავუკეთოთ სიკეთე ჩვენს კეთილმყოფელებს. ღმერთო, დაგვიფარე მსგავსი აზრებისგან! ამ სიტყვებით უფალს სურს, თქვას, რომ ეს არის სათნოების უფრო დაბალი საფეხური, რომელზეც ცოდვილებიც იოლად ადიან. ეს სიკეთის უმცირესი ზომაა და ის ამ სამყაროს აღარიბებს, ადამიანებს კი შეჭირვებულებსა და გულცივებს ხდის. უფლის სურვილია, ადამიანები სათნოებათა უმაღლეს საფეხურზე აიყვანოს, საიდანაც კარგად ჩანს ღვთის მთელი სიმდიდრე და ყველაფერი, რაც მის მიერ იქმნა და რომელზედაც მონის შეჭირვებული და შეშინებული გული ძისა და მემკვიდრის ფართო და თავისუფალ გულად იქცევა. მოყვარისადმი სიყვარული მხოლოდდამხოლოდ პირველი გაკვეთილია სიყვარულის უსასრულო სახელმძღვანელოში; და სიკეთის კეთება იმათთვის, ვინც სიკეთე გვიყო, არის მხოლოდ დაწყებითი სკოლა სათნოებებში წვრთნის გრძელ გზაზე; ხოლო ვინც სესხად აძლევს დაბრუნების იმედით, ის, რა თქმა უნდა, სიკეთეს აკეთებს, მაგრამ ეს არის პირველი და პატარა ნაბიჯი დიდი სიკეთისკენ, რომელიც გასცემს და უკან დაბრუნებას არ ელოდება. ვის მოიხსენიებს აქ უფალი ცოდვილებად?უპირველესად – წარმართებს, რომლებისთვისაც ჯერ სრულად არ არის გაცხადებული ღვთის ჭეშამრიტებისა და სიყვარულის საიდუმლოება. ისინი ცოდვილები არიან, იმიტომ, რომ განუდგნენ პირველდასაბამ ჭეშმარიტებასა და ღვთის სიყვარულს, და ღმერთის ნაცვლად საკუთარ სჯულმდებლად ეს სოფელი გაიხადეს. სოფელმა კი მხოლოდ იმათი სიყვარული ასწავლა, ვისაც ის უყვართ, და სიკეთის მიგებაც – მხოლოდ მისთვის გაკეთებული სიკეთის წილ. ღვთის ჭშმარიტებისა და სიყვარულის დიდი საიდუმლოება ახლა კვლავ გვეცხადება ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მეშვეობით, თანაც კიდევ უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე შესაქმის დასაწყისში. თავიდან ის გვეცხადება იუდეველი ხალხის საშუალებით, მაგრამ არა მხოლოდ იუდეველების, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხისთვის. და რადგანაც ღმერთი არაერთი ათასი წელი ამზადებდა იუდეველებს რჯულისა და წინასწარმეტყველების დახმარებით საიდუმლოების უსრულესი გაცხადების გასაგებად და მისაღებად, ამიტომაც უწოდებს უფალი წარმართობაში დანთქმულ სხვა ხალხს „ცოდვილებს“. თუმცა ცოდვილებში – და უფრო უარესებში, ვიდრე წარმართებია – იგი გულისხმობს ყველას, ვისთვისაც ჭეშამრიტებისა და სიყვარულის საიდუმლოება გაცხადებულია, მაგრამ არ შეინარჩუნა და ძაღლივით დაუბრუნდა საკუთარ ნათხევარს – სიკეთის უმდაბლეს საფეხურს. ასეთებს შორის ბევრი ჩვენგანია: სახელით ქრისტიანები, საქმით – ყველაზე პრიმიტიული წარმართები, ვინაიდან რა მადლი უნდა მივიღოთ იმისგან, რომ გვიყვარდეს ჩვენი მოყვარენი და სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს კეთილისმყოფელებს? განა, ამით უკანვე არ ვაბრუნებთ ჩვენ მიერვე აღებულს? ჭეშმარიტად, ჩვენ უკვე მივიღეთ ჩვენი ჯილდო! სამადლობელს მხოლოდ ის საქმე იმსახურებს, რომელიც ოდნავ მაინც ემსგავსება ღვთის სიყვარულის, ჭეშმარიტი შეგონების, მისაგებელის ღირსი ქველმოქმედებისა და სათნოებების საქმეებს.
წმინდა მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი
ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
უფალი შეგვაგონებს, რომ შევიყვაროთ მტრები, გავუკეთოთ მათ სიკეთე და გავცეთ ვალი მათზე, ვისაც დაბრუნება არ ძალუძთ და არც ველოდოთ მათგან. და დიდი იქნება თქვენი საზღაური, – ამბობს უფალი, –და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ. როდესაც შენ მიმართ ბოროტების ჩამდენს სიკეთეს უკეთებ, – გვეუბნება იგი, –ან აძლევ იმას, ვინც ვალს არ გიბრუნებს, ამ დროს ნუ იფიქრებ, რომ შენი ქონება ამაოდ გაიფლანგა, იმიტომ, რომ ამჟამად სიკეთის თესვის დროა, ხოლო ნათესის შესაბამისი მოსავლის აღების დრო მომავალ საუკუნეს მიეკუთვნება. ასე რომ, ნუ დაკარგავ იმედს იმ მიზეზით, რომ თესვასა და მკას შორის დროის გარკვეული შუალედი არსებობს; პირიქით, გაძლიერებით ეცადე, უკვდავყო შენი კეთილი საქმე ისე, როგორც ბოროტების ჩამდენნი უკვდაჰყოფენ თავიანთ ბოროტებას.რასაც აქ დათესავ, იქაც იმას მოიმკი უდიდესი ნამატით. ამდენად, თუ შენ აქ შენი საქმეებით ძე ღვთისას დაემსგავსები და ყველასთან მიმართებით კეთილად განეწყობი, როგორც თავად არის კეთილი ყველასთან მიმართებით, მაშინ იქ უფრო მეტად მიემსგავსები მას, უზენაესის დიდების ბრწყინვალებით გაცისკროვნებული, და საუკუნოდ იქნები მათთან, ვისთანაც ქრისტე იქნება, ღმერთი ღმერთთა შორის (ფს. 81:1), რომელიც ანაწილებს მარადიულ ნეტარებათა შესაბამის ღირსებებს. და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.სწორედ თავისი კეთილმოწყალების მიზეზით მოდრიკა ცანი ძე ღვთისამ, გარდამოხდა ქვეყნად და გახდა ძე კაცისა; და გვაუწყა და აღასრულო ყოველივე. დაბოლოს, ევნო და მოკვდა ჩენთვის, და აღდგა და კვლავ ამაღლდა ზეცად, რათა ჩვენ გაგვხადოს ზეციურნი, უკვდავნი და ღვთის ძენი.
მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამათქვენი.
ამრიგად, რასაც უფალი ახლა ჩვენგან ითხოვს: მტრის სიყვარული, ქველმოქმედება, უქონელზე სესხის გაცემა, – ყველაფერი ეს შეგვფერის და სასარგებლოა ჩვენთვის, როგორც ეს ზემოთ ითქვა, თუმცა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რასაც თავად უფლისგან საჩუქრად ვიღებთ. მან ხომ თავი გაწირა ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის უმადურებისა და ბოროტებისთვისაც. ჩვენ კი შეგვაგონებს, რომ სესხი გავცეთ ჩვენი იქიდან, რაც უხვად გვაქვს და სიკეთე ვაკეთოთ საკუთარი ქონებიდან. მაგრამ რა არის ეს და რამდენია? და აი, ამ მცირეოდენის გამოც იგი მისი მიმსგავსების უნარს გვანიჭებს და გვჩუქნის უმაღლეს ძეობას ღვთისას ზეციურ ჯილდოდ: იყავით გულმოწყალენი, – გვეუბნება იგი, –ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი, რომლისა თანა და სულისა წმიდისა თანა შვენის მას დიდება, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.